საუდის არაბეთი და თურქეთი მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსეთიდან უკრაინელი ბავშვების გაყვანის შესახებ - FT
18/07/2023 19:21:00 მსოფლიო
საუდის არაბეთი და თურქეთი ცდილობენ, მიაღწიონ შეთანხმებას რუსეთში გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების შინ დაბრუნების შესახებ,– იუწყება Financial Times წყაროებზე დაყრდნობით.
მათივე თქმით, მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს.
გამოცემა წერს, რომ შუამავალი ქვეყნები უკრაინისა და რუსეთისთვის კომპრომისული ვარიანტების მოძებნას ცდილობენ. რიადი და ანკარა იმედოვნებენ, რომ მათი კომუნიკაცია უკრაინასა და რუსეთის ფედერაციასთან შეიძლება, პოტენციური სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და ომის დასრულების არხებად გარდაიქმნას.
განხილვებში ჩართულია რუსი ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩიც, როგორც მოსკოვის არაოფიციალური წარმომადგენელი, –განუცხადა Financial Times-ს ორმა წყარომ.
რუსი და უკრაინელი ოფიციალური პირები არ განიხილავენ შეთანხმებას უშუალოდ ერთმანეთთან, განსხვავებით ტყვეების გაცვლის ან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ადრინდელი მოლაპარაკებებისგან. ეს ხაზს უსვამს უკრაინელი ბავშვების რეპატრიაციის პროცესის სირთულეს.
ვითარების მცოდნე დიპლომატის თქმით, ივნისში კოპენჰაგენში, G20-ის ქვეყნების დახურულ შეხვედრაზე საუდის არაბეთმა წამოაყენა უკრაინელი ბავშვების საკითხი. წყაროს ცნობით, დასავლეთის ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს რიადის შემდგომ მონაწილეობას უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებებში.
უკრაინული მხარის თქმით, რუსეთს თავის ტერიტორიაზე 20 000 უკრაინელი არასრულწლოვანის გადაიყვანა შეეძლო. იელის ჰუმანიტარული ლაბორატორია იუწყება, რომ ომის დროს რუსეთში მინიმუმ 6000 ბავშვი გადაიყვანეს. მოსკოვი კიდევ უფრო მცირე რიცხვს ასახელებს,– განმარტავს გამოცემა.
Financial Times აღნიშნავს, რომ არც ერთ მხარეს არ ჰქონდა გაყვანილი ბავშვების შესახებ ცენტრალიზებული ჩანაწერი და არასრულწლოვანთა რუსეთში ჩასვლის სხვადასხვა გარემოებები ართულებს სრული აღწერის ჩატარებას. მოლაპარაკებების მიზანია ყველა ბავშვის იდენტიფიცირება და შემდეგ თითოეული მათგანისთვის საუკეთესო გამოსავლის პოვნა, – თქვა წყარომ.
Financial Times-ის წყაროები ირწმუნებიან, რომ ზოგიერთი უკრაინელი ბავშვი რუსეთში ე.წ. პატრიოტულ კლასებში ჩარიცხეს, სადაც გაკვეთილებზე ეუბნებიან, რომ უკრაინელი ერი არასოდეს არსებობდა და რომ მოსკოვი აწარმოებს "ომს ნაციზმის წინააღმდეგ". კიევი რუსული მხარის მსგავს ქმედებებს გენოციდის ფორმად აფასებს. რუსეთი ყველა ბრალდებას უარყოფს.
მანამდე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გამოსცა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან უკრაინელი ბავშვების უკანონო გაყვანაში უკრაინის ტერიტორიებიდან.


