სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი: რუსეთმა გვითხრა, რომ ჰააგისთვის პუტინის დაპატიმრება ომის გამოცხადება იქნება
18/07/2023 17:40:29 მსოფლიო
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კირილ რამაფოსამ განაცხადა, რომ რუსეთმა მას მიანიშნა ჰააგის ორდერის საფუძველზე ვლადიმირ პუტინის დაკავების ნეგატიური შედეგების შესახებ, თუ ის აგვისტოში BRICS-ის სამიტზე მივა.
როგორც უკრაინული მედია ადგილობრივ გაზეთ The Daily Maverick-ზე დაყრდნობით წერს, რამაფოსამ ეს განმარტება მისცა სამხრეთ აფრიკის ქალაქ გაუტენგის სასამართლოს, რომელიც პუტინსთვის იმუნიტეტის მინიჭების საკითხს განიხილავდა.
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სასამართლოს მაისში გაუგზავნა და დაჟინებით მოითხოვდა კონფიდენციალურობის დაცვას, მაგრამ სამშაბათს, გუტენგის უმაღლესმა სასამართლომ, ოპოზიციური დემოკრატიული ალიანსის პარტიის საჩივრის შემდეგ, ბრძანა რამაფოსას სიტყვების გამოქვეყნება.
"რუსეთმა მკაფიოდ გამაგებინა, რომ მისი მოქმედი პრეზიდენტის დაპატიმრება ომის გამოცხადება იქნებოდა. რისკზე წასვლა და რუსეთთან ომი ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას", - თქვა მან.
პრეზიდენტმა ასევე აუწყა სასამართლოს, რომ სამხრეთ აფრიკამ დაიწყო კონსულტაციები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან რომის სტატუტის 97-ე მუხლთან დაკავშირებით - ეს ეხება იმგვარ პრობლემურ შემთხვევას, როდესაც შეუძლებელია სასამართლოს მოთხოვნის შესრულება.
მოგეხსენებათ, სამხრეთ აფრიკამ მოახდინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება, რომელმაც მარტში პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების მასობრივ დეპორტაციაში მისი მონაწილეობის გამო.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ სთხოვა რუსეთს ვლადიმერ პუტინის ნაცვლად BRICS-ის სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გაეგზავნა, მაგრამ უარი მიიღო. ასევე კულუარული ცნობებით, სამხრეთ აფრიკა ცდილობდა სამიტისთვის ლოკაციის შეცვლას და სხვა ქვეყნებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. საუბარი იყო ინდოეთზე.
ამჟამინდელი ინფორმაციით, პუტინი სამიტზე ვიდეოხიდის მეშვეობით ჩაერთვება.


