18-07-2023 20:48:22 ეს საინტერესოა
"ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების" ინსტიტუტმა (TDI) შეისწავლა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის პრაქტიკა და აღნიშნავს, რომ მიდგომა კვლავ პრობლემური რჩება: ძირითადი გამოწვევაა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე დაუსაბუთებელი უარის გამოცხადების პრაქტიკა, რასაც საფუძვლად, თითქმის ყველა შემთხვევაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემული უარყოფითი დასკვნა უდევს.
ორგანიზაციამ ბინადრობის ნებართვის მიღების თაობაზე სახელმწიფოსთვის მიმართვიანობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოითხოვა. კერძოდ, ითხოვდა მონაცემებს ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით შესული განცხადებების, დაკმაყოფილებული განცხადებებისა და განცხადების დაკმაყოფილებაზე სახელმწიფოს მხრიდან გაცემული უარის რაოდენობის შესახებ, შესაბამისი მოქალაქეობის მითითებით და მიუთითებს, რომ უწყებამ არასრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა.
ხოლო მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის განმავლობაში სულ ბინადრობის ნებართვის 27,909 განცხადებაზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული:
„აღსანიშნავია, რომ 2022 წლის განმავლობაში ბინადრობის ნებართვის განცხადებებზე სახელმწიფოს მიერ მიღებული 4,483 უარყოფითი გადაწყვეტილების აბსოლუტური უმრავლესობა (კერძოდ, 4,441 შემთხვევა), სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარდგენილ დასკვნას დაეყრდნო. ამასთან, სააგენტოდან გვეცნობა, რომ არ ფიქსირდება არცერთი შემთხვევა, როცა, უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომზადებული უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სააგენტომ უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.54 შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა არ არის სავალდებულო და ის სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს, ამგვარი დასკვნის არსებობის შემთხვევაში, სააგენტო მაინც უპირობოდ ამბობს უარს განცხადების დაკმაყოფილებაზე“,– ნათქვამია კვლევაში.
TDI წლების განმავლობაში სწავლობს სახელმწიფო პოლიტიკას მიგრანტების, განსაკუთრებით კი აფრიკისა და აზიის ქვეყნების წარმომადგენლების მიმართ და როგორც მიუთითებს, „სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ განსაკუთრებით 2015 წლიდან ხელისუფლებას აქვს შერჩევითი და დისკრიმინაციული დამოკიდებულება ამ ქვეყნების წარმომადგენლებისთვის ბინადრობის ნებართვების გაცემაზე, რაც, შესაძლოა, სისტემურ რასიზმზეც მიანიშნებდეს“:
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მიუხედავად არაერთი მცდელობისა, სახელმწიფო უწყებისგან ვერ მიიღო ინფორმაცია იმის ესახებ, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეებს ეთქვათ უარი ბინადრობის მოწმობაზე. თუმცა, TDI მუდმივად იკვლევს და აკვირდება საქართველოში მცხოვრები მიგრანტების უფლებრივ მდგომარეობას. აფრიკისა და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათ მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა კვლავ დისკრიმინაციულია და ისინი ხშირად დაუსაბუთებელ უარს იღებენ ბინადრობის ნებართვაზე. მათ შორის არიან უცხოელი სტუდენტებიც, რომლებსაც დაბრკოლება ექმნებათ სწავლის გაგრძელებაში.
TDI-მ შეძლო შედარებით დეტალური ინფორმაციის მოპოვება რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის მოქალაქეების ბინადრობის ნებართვების შესახებ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მიწოდებული სტატისტიკა საყურადღებოა:
წლების მიხედვით, საქართველოში ბინადრობის ნებართვებთან დაკავშირებით რუსეთის მოქალაქეების მიმართვიანობისა და დაკმაყოფილების დინამიკის გაანალიზების შემდეგ ორგანიზაცია ანიშნავს, რომ ეს მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად იზრდება:
„ანალიზი რუსეთის მოქალაქეებისთვის მიცემული ბინადრობის ნებართვების კატეგორიების და წლების მიხედვით აჩვენებს, რომ 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, შემცირდა მხოლოდ მუდმივი ცხოვრებისთვის გაცემული ბინადრობის ნებართვების მაჩვენებელი, ხოლო სხვა თითქმის ყველა კატეგორიაში გაზრდილია დაკმაყოფილების მაჩვენებელი, მათ შორის, მოკლევადიანი ბინადრობის, ოჯახის გაერთიანების, სასწავლო და შრომითი ბინადრობის კატეგორიებში. ყველაზე დიდი ზრდა, გასულ წელთან შედარებით, შრომით ბინადრობასა (+173%) და მოკლევადიან ბინადრობაში (+157%) დაფიქსირდა“,– აღნიშნავს ორგანიზაცია.