ევროკავშირისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების სამიტზე დავა წარმოიშვა უკრაინის ომის გამო - მედია
18/07/2023 13:11:41 მსოფლიო
ევროკავშირის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნების ლიდერები სამიტზე ვერ შეთანხმდნენ ერთობლივი განცხადებაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ,– იუწყება Reuters მოლაპარაკებების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
აღნიშნულია, რომ ლათინური ამერიკის ზოგიერთი ქვეყანა ცდილობდა, თავიდან აეცილებინა რუსეთის მკაფიო დაგმობა.
კრემლთან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების მქონე ქვეყნები, როგორებიცაა კუბა და ნიკარაგუა, შეეწინააღმდეგენ დოკუმენტში ფორმულირებების შეტანას, რომელიც გმობდა რუსეთის ქმედებას.
სამშაბათს სამიტზე მისულმა ირლანდიის პრემიერ–მინისტრმა ლეო ვარადკარმა თქვა, რომ კომუნიკე უნდა იყოს „ძალიან მკაფიო უკრაინის შესახებ“.
"გუშინ გვიან ღამემდე იყო მოლაპარაკებები ფორმულირებებზე. თითქმის ყველა ქვეყანამ შეძლო ტექსტზე ხელის მოწერა, რომელიც აშკარად მხარს უჭერს უკრაინას, მისი დამოუკიდებლობის, თავისუფლების უფლებას. ორიოდ ქვეყანამ შეიკავა ხელი თავი. დღეს კიდევ ერთხელ გადავხედავთ," - თქვა მან.
ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ხავიერ ბეტელმა თქვა, რომ კომუნიკე არ შეიძლება, "ისტორიის გადასაწერად" იქნეს გამოყენებული: „ფაქტია, რომ რუსეთი თავს დაესხა უკრაინას... ჩვენ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ“.
მისი ვარაუდით, ერთობლივი განცხადება შეიძლება, დასრულდეს წინადადებით, რომ ზოგიერთი კონკრეტული ქვეყანა არ ეთანხმება ფორმულირებას უკრაინასთან დაკავშირებით.
ჩილეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ალბერტო ვან კლავერენმა თქვა, რომ წუხს ამ საკითხზე დავის გამო:
"ჩვენ ძალიან ვწუხვართ არსებული სიტუაციის გამო და ძალიან გაკვირვებული ვართ, რომ ჩვენს ჯგუფში არიან წევრები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინის ომის შესახებ ნებისმიერ რეზოლუციას. ჩვენ გვჯერა, რომ ეს აგრესიული ომია და ასეთია ჩილეს პოზიცია".
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ორდღიანი მოლაპარაკებები G20-ის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებს შორის სამშაბათს დასრულდება ერთობლივი განცხადების გარეშე უკრაინის ომთან დაკავშირებით მთავარ სახელმწიფოებს შორის უთანხმოების გამო.


