
გვარამია: "სააკაშვილის გადარჩენის გასაღები არის უკრაინაშიც, თუმცა ვისურვებდი, აზერბაიჯანმა, სომხეთმა და თურქეთმაც უთხრან თავიანთი სიტყვა ივანიშვილის რეჟიმს"
18/07/2023 11:25:02 პოლიტიკა, საზოგადოება
"მე დარწმუნებული ვარ, რომ მიშას გადარჩენის გასაღები არის უკრაინაშიც, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებმაც, აზერბაიჯანმა, სომხეთმა და თურქეთმა, უთხრან თავიანთი სიტყვა ივანიშვილის რეჟიმს", - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ კიევში "მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საერთაშორისო მოძრაობის" დაფუძნების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას მისი მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნაში, რეგიონის ქვეყნებიც უნდა ჩაერთონ:
"მიხეილ სააკაშვილი არის არა უბრალოდ პოლიტპატიმარი, რამედ ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმირ პუტინის პირადი პატიმარი, იმიტომ რომ ისეთი მეტოქე, როგორიც სააკაშვილია, არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში არამედ მთელ მსოფლიოში, პუტინს არასდროს ჰყოლია. ჯერ კიდევ 15 წლის წინ, როდესაც არავის სჯეროდა, რომ რუსეთი ისეთივე ბოროტების იმპერიაა, როგორიც იყო 70 წლის განმავლობაში და შესაძლოა საუკუნეების განმავლობაშიც, მიშა ამაზე საუბრობდა. მან იწინასწარმეტყველა ყირიმის ამბავიც და სწორედ ამიტომ ზის ის დღეს ციხეში. ჩემთვის მისი გათავისუფლება არის მეგობრის დახსნა ციხიდან, მეგობრისა, რომელიც ძალიან მიყვარს. მე ჩემს მაგალითზე გეტყვით, თუ რა გააკეთა მიშამ საქართველოსთვის. მე აფხაზეთიდან ვარ მაგრამ 2003 წელს თბილისში ცხოვრება მომიწია მოდით ასე ვთქვათ, ფორსმაჟორული სამხედრო მოქმედებების გამო. მაშინ ყველას წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, რომ ჩემნაირი ადამიანი შეიძლებოდა მინისტრი გამხდარიყო. და მე გავხდი მინისტრი 5 წლის შემდეგ, იმიტომ რომ მიშამ საქართველოში ყველაფერი შეცვალა. მან გაუხსნა კარი ყველას, ვინც ამას იმსახურებდა და დაუხურა კარი ყველას, ვინც ამას არ იმსახურებდა. მიშამ საქართველო პოსტ საბჭოთა ქვეყნიდან ნამდვილ ქვეყნად აქცია. სამწუხაროდ ახლა ყველაფერი ისევ უკან დაბრუნდა. ახლა საქართველოს პოლიტიკა ისე ახლოს არის რუსულ პოლიტიკასთან, როგორც არასდროს. ეს პარადოქსულია, იმიტომ რომ რუსეთი ახლა ისეთი სუსტია, როგორც არასდროს. უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლება ფსონს ჩამოდის რუსეთის გამარჯვებაზე, რადგან მას სხვა გამოსავალი არა აქვს. ამ ბოროტების სიმბოლო არის ციხეში მყოფი სააკაშვილი. ახლა მიშა არის თავისუფალი სამყაროს სიმბოლო. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიშას გადარჩენის გასაღები არის უკრაინაშიც, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებმაც, აზერბაიჯანმა, სომხეთმა და თურქეთმა, უთხრან თავიანთი სიტყვა ივანიშვილის რეჟიმს. მე ვფიქრობ, რომ მიშამ ამ ქვეყნებისგან ეს დაიმსახურა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქვეყნებიც გულშემატკივრობენ მიშას. უბრალოდ, ამის შესახებ ხმამაღლა არის საჭირო ლაპარაკი".