იაპონია რუსეთში გარკვეული ტიპის ავტომობილების ექსპორტის აკრძალვას გეგმავს
18/07/2023 09:44:29 მსოფლიო
იაპონიის ხელისუფლება აპირებს, აკრძალოს რუსეთში ექსპორტი დიზელსა და ბენზინზე მომუშავე, მათ შორის მეორადი ავტომანქანებისა, რომელთა ძრავის მოცულობაც 1.9 ლიტრს აჭარბებს. შეზღუდვები ასევე შეეხება ყველა ჰიბრიდულ მანქანას, – იუწყება sibreal.org ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
შეზღუდვების შემოღების მიზეზად უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა სახელდება.
გამოცემის ცნობით, იაპონიის მინისტრთა კაბინეტი შესაბამის ბრძანებას ივლისში დაამტკიცებს. ის ძალაში აგვისტოდან შევა.
გასული წლის აპრილიდან იაპონიამ რუსეთში 43 ათასზე მეტ დოლარად ღირებული ავტომანქანების ექსპორტი აკრძალა.
ომის დაწყების შემდეგ იაპონიამ სხვა ქვეყნებთან ერთად დაიწყო რუსეთის და რუსი და პრორუსი პოლიტიკოსებისა თუ დეპუტატების წინააღმდეგ სანქციების შემოღება. მათ შორის, იაპონიამ აკრძალა რუსეთში ვაქცინების, სამედიცინო აღჭურვილობის, ბირთვული ობიექტების აღჭურვილობისა და ნავთობისა და ბუნებრივი გაზის დამუშავებისთვის საჭირო მასალების ექსპორტი.
იაპონიის მიერ შემოღებული პერსონალური სანქციები შეეხო რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ასევე ქვეყნის სხვა მაღალჩინოსნებსა და მათ ნათესავებს. ამავე დროს, ტოკიომ გამოაცხადა, რომ უკრაინას სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს.
რუსეთმა, თავის მხრივ, იაპონია შეიყვანა "არამეგობრული ქვეყნების" სიაში და განაცხადა, რომ ტოვებს იაპონიასთან დიალოგს ერთობლივ სამეურნეო ქმედებებზე სამხრეთ კურილის კუნძულებზე. რუსეთმა იაპონელ მეზღვაურებს აუკრძალა ამ კუნძულებზე თევზაობაც, რის უფლებასაც იაპონელებს აძლევდა რუსეთ-იაპონიის 1998 წლის შეთანხმება.


