
ბავშვების მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე პატიმრობაში დატოვეს
18/07/2023 07:02:18 საზოგადოება
სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სამი მოზარდის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენაშია ბრალდებული. მასთან ერთად დაკავებული სამი პირი – ასევე საქართველოს მოქალაქეები – გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს პოლიციის განყოფილებიდან.
48 წლის კაცი წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს.
სასამართლო პროცესის შემდეგ გაირკვა, რომ საქმეს სამი დაზარალებული ჰყავს: 10 და 12 წლის გოგონები და 13 წლის ბიჭი.
მანამდე პოლონური მედია წერდა, რომ სექსუალური ხასიათის ქმედება ქალაქ ბიტუმში, ადგილობრივ აუზზე მოხდა. დახმარება ბავშვის მშობელმა ითხოვა. კერძოდ, ქალმა დაცვას შეატყობინა, რომ შვილმა მას 50 წლამდე კაცის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ უამბო. დაცვამ კაცს და მის თანმხლებ სამ პირს ტერიტორია დაატოვებინა და მომხდარის შესახებ პოლიციას მიმართა.
მედიის ცნობით, სექსუალური შევიწროების ფაქტს ბავშვის გარდა სხვა პირებიც ადასტურებენ.
ვითარება ადგილზე პოლიციის მისვლის შემდეგ დაიძაბა. დაკავებულების მიმართ აგრესია გამოავლინეს ადგილობრივებმა, რასაც შეხლა–შემოხლა მოჰყვა. ხალხი დაკავებულების ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვდა. პოლიციას ვითარების განსამუხტად სპეცსაშუალებების გამოყენება დასჭირდა.
პოლონეთის პარლამენტის წევრმა კჟიშტოფ ბოსაკმა მომხდარის კონტექსტში განაცხადა, რომ ქვეყნის დიდ ქალაქებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან კრიმინალურმა აქტივობებმა იმატა:
„ჩვენ გვაქვს დანაშაულის აშკარა ზრდა დიდი ქალაქებში. პოლიციისგან არაფორმალურად გვესმის, რომ ქართველ დამნაშავეებს, ქართველების მიერ ფორმირებულ ბანდებს ვერ უმკლავდებიან“.