ყირიმის ხიდის დაზიანების შემდეგ რუსეთმა ოდესას და ნიკოლაევს შეუტია, უკრაინის თავდაცვამ 6 რაკეტა და 25 დრონი ჩამოაგდო
18/07/2023 06:39:35 მსოფლიო
18 ივლისის ღამეს რუსეთის არმიამ შერეული შეტევა წამოიწყო სამხრეთ უკრაინაზე: გაისროლა ექვსი "კალიბრის" რაკეტა და 20-ზე მეტი ირანული "შაჰედ-136"–ის დრონი ოდესისა და ნიკოლაევის მიმართულებით,– ამის შესახებ უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იუწყება.
სარდლობის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა რაკეტა გაანადგურეს.
ჩამოგდებული რაკეტების ფრაგმენტებმა და აფეთქების ტალღამ დააზიანა პორტის ინფრასტრუქტურული ობიექტები და რამდენიმე კერძო სახლი. ხანდაზმული მამაკაცი საკუთარ სახლში დაშავდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, – ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, 21 ერთეული "შაჰედ-136" ჩამოაგდეს ოდესის, ხოლო ოთხი მიკოლაივის რეგიონში.
17 ივლისის დილით ცნობილი გახდა ყირიმის ხიდზე დრონებით მიტანილი იერიშის შესახებ. შეჩერებული იყო საავტომობილო მოძრაობა.კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი კვლავ დაიმუქრა შურისძიებით.
იხილეთ ასევე: იერიში #2 ყირიმის ხიდზე: სამი ეფექტი


