ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ განაახლოს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განხორციელება
18/07/2023 06:27:49 მსოფლიო
ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ განაახლოს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განხორციელება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია აღნიშნული.
„რუსეთი თავისი გადაწყვეტილებით კიდევ უფრო ამწვავებს სასურსათო უსაფრთხოების გლობალურ კრიზისს, რომელიც შეიქმნა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გაჩაღებისა და უკრაინის საზღვაო პორტების ბლოკადის შედეგად. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის საზღვაო პორტების უკანონო ბლოკირება და დაუშვას შავ ზღვაზე ნაოსნობის თავისუფლება. რუსეთი აგრძელებს საკვების იარაღად გამოყენებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ შეთანხმების შეწყვეტით, რუსეთი არის პასუხისმგებელი მსოფლიოში მარცვლეულის მიწოდების შეფერხებასა და გლობალურად სურსათის ფასების ინფლაციაზე.
„ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს გადახედოს გადაწყვეტილებას და დაუყოვნებლივ განაახლოს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განხორციელება. ევროკავშირი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა გააგრძელოს ყველა საქონლის, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების დროული და სტაბილური მიწოდების მხარდაჭერა გლობალურ ბაზრებზე ევროკავშირი-უკრაინის „სოლიდარობის გზების“ მეშვეობით. ევროკავშირი გააგრძელებს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განახლებისთვის ყველა მცდელობის მხარდაჭერას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
17 ივლისს მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარი განაცხადა „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელებაზე, უკრაინამ შუამავალ გაერო–ს და თურქეთს მიმართა, რუსეთის გარეშე უზრუნველყონ შავი ზღვის საექსპორტო დერეფნის მუშაობა. ამ თემაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება პარტნიორ სახელმწიფოებთან კონსულტაციებს აწარმოებს ნიუ-იორკში, გაერო–ს შტაბ-ბინაში.
შეთანხმების ვადის გასაგრძელებლად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებას გეგმავს შუამავალი სახელმწიფოს –თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი.


