ჯეიმს კლევერლი: ვერ დავუშვებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი კიდევ 500 დღეს გაგრძელდეს
18/07/2023 06:08:26 მსოფლიო
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიმს კლევერლის განცხადებით, მსოფლიო ვერ დაუშვებს უკრაინაში მიმდინარე ომის გაჭიანურებას.
იგი მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, სასწრაფოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.
„ვერ დავუშვებთ, რომ ეს ომი კიდევ 500 დღეს გაგრძელდეს. პრეზიდენტ ზელენსკის ათპუნქტიანმა გეგმამ წინსვლის გზა აჩვენა. უკრაინას მშვიდობა სურს. ჩვენ გვინდა მშვიდობა. მთელ მსოფლიოს სურს მშვიდობა", - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნიუ-იორკში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა არის ის, რაც საერთაშორისო საზოგადოებას სურს და რუსეთმა ეს არჩევანი დღესვე უნდა გააკეთოს უკრაინიდან მთელი თავისი ჯარის გაყვანით.


