პუტინი: „ყირიმის ხიდის აფეთქებას პასუხი მოჰყვება“
17/07/2023 17:58:36 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ორშაბათს საღამოს შეხვედრა გამართა ტრანსპორტის სამინისტროსა და ყირიმის ხიდის მიმდებარე რეგიონების ხელმძღვანელებთან. მან ყირიმის ხიდზე თავდასხმას "ტერაქტი" უწოდა და პირობა დადო, რომ რუსეთი მას უპასუხებს.
"რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შესაბამის წინადადებებს უკვე ამზადებს", – განაცხადა პუტინმა.
მან ყირიმის ხიდზე თავდასხმას არა მხოლოდ სასტიკი, არამედ სამხედრო თვალსაზრისითაც უაზრო უწოდა და აღნიშნა, რომ ხიდი დიდი ხანია, სამხედრო გადაზიდვებისთვის არ გამოიყენება.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა მარატ ხუსნულინმა, რომელიც ყირიმის საკითხებს აკონტროლებს, განაცხადა, რომ ხიდის ერთ-ერთი კამარა მთლიანად განადგურებულია და მისი აღდგენა შეუძლებელია, მეორე კი დაზიანებულია. საყრდენები თითქმის არ დაზიანებულა. მან პირობა დადო, რომ ერთ-ერთი საყრდენი, რომელიც გამაგრებას მოითხოვს, ორშაბათს შუაღამისას შეკეთდება, რის შემდეგაც სამგზავრო მანქანებისთვის, რევერსულ რეჟიმში ხიდზე საავტომობილო მოძრაობის დაწყება შესაძლებელი იქნება.
ასევე, მისივე თქმით, ამ მონაკვეთზე დაგეგმილია დროებითი დაახლოებით 250 მეტრის სიგრძის ხიდის აშენება. იმავდროულად, მანქანების მფლობელებს სთავაზობენ ალტერნატიულ მარშრუტს "ახალი რეგიონების" გავლით - მინისტრმა რუსული ჯარების კონტროლის ქვეშ მყოფი უკრაინის რეგიონები იგულისხმა.
რუსეთის მიერ დანიშნული ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა აღნიშნა, რომ კრასნოდარის ტერიტორიასა და ყირიმს შორის მოქმედებს საბორნე გადასასვლელი, რომელსაც დღეში 450 მანქანის ტრანსპორტირება შეუძლია.
რუსეთის ინფორმაციით, 17 ივლისს ყირიმის ხიდზე „ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატით შეტევის" შედეგად, დაიღუპა 2 ადამიანი და 1 დაშავდა და დაზიანდა ხიდის საავტომობილო ნაწილი.
ამავე თემაზე: იერიში #2 ყირიმის ხიდზე: სამი ეფექტი


