ანალენა ბერბოკი: "ამ ეტაპზე რუსეთთან მოლაპარაკებების შესაძლებლობებს არ ვეძებთ"
17/07/2023 16:14:26 მსოფლიო
გერმანია ამ ეტაპზე არ ეძებს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკებების შესაძლებლობებს უკრაინაში ომის დასრულების თაობაზე, ახლა მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ძალისხმევა ომში უკრაინის გასამარჯვებლად, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანაბელა ბერბოკმა Axel Springer-თან საუბრისას.
"კარგი იქნებოდა, მოგველაპარაკა, მაგრამ ამ ეტაპზე საუბარია არა იმაზე, რას ვისურვებდით, არამედ იმაზე, რომ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. ომის ყოველი დღის განმავლობაში გერმანია ყველაფერს აკეთებს, რათა უკრაინას მის ბრძოლაში დაეხმაროს. ჯადოქრები რომ ვიყოთ, ეს ომი უკვე დასრულებული იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ჯადოქრები არ ვართ. ვცდილობთ კონცენტრირებას დახმარების იმ სეგმენტებზე რომელშიც გერმანიას შეუძლია, მაქსიმალურად ეფექტური იყოს. კერძოდ, უკრაინის უზარმაზარი ტერიტორია დანაღმულია და შესაბამისად, აუცილებელია აღჭურვილობა განაღმვისთვის. ამ მიმართულებით ჩვენი დახმარების დეტალებს ვერ გავამხელ, თუმცა კიევთან აქტიურად ვთანამშრომლობთ" - განაცხადა ბერბოკმა.


