მედია: რუსებთან მოლაპარაკებების შემდეგ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაუჩინარდა
17/07/2023 15:46:07 მსოფლიო
რუსებთან მოლაპარაკებების შემდეგ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი გაუჩინარდა, - ამის შესახებ Financial Times იუწყება და იქვე დასძენს, რომ ჩინელი დიპლომატი საჯარო სივრცეში 25 ივნისიდან აღარ გამოჩენილა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, 11 ივლისს ცინ განმა ინდონეზიაში ASEAN-ის ქვეყნების მთავარი დიპლომატების შეხვედრა გამოტოვა. მაშინ მის უწყებაში ირწმუნებოდნენ, რომ 57 წლის მინისტრმა შეხვედრაზე დასწრება ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ მოახერხა.
10 ივლისს ცინ განთან შესახვედრად ჩინეთს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი ჟოზეფ ბორელი უნდა წვეოდა, თუმცა ვიზიტი მიზეზების განმარტების გარეშე გააუქმეს. ბორელის პრეს-სამსახურში მხოლოდ იმის თქმით შემოიფარგლნენ, რომ "პეკინმა ბრიუსელს განსაზღვრულ ვადებში ვიზიტის შეუძლებლობის შესახებ აცნობა".
ბოლო საჯარო შეხვედრები ცინ განს 25 ივნისს რუსეთის, ვიეტნამისა და შრი-ლანკის წარმომადგენლებთან აქვს გამართული. ყველა ეს შეხვედრა პეკინში ჩატარდა. ჩინეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, "მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების შესახებ მოსაზრებები გაცვალეს და განიხილეს საერთაშორისო და რეგიონული საკითხები, რომლებიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს".
აღსანიშნავია, რომ გაუჩინარებამდე ცინ განი უცხოელ კოლეგებს პრაქტიკულად ყოველ დღე ხვდებოდა ან სულ მცირე, ტელეფონით ესაუბრებოდა.
როგორც დღეს ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაო ნინმა განაცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ როდის დაუბრუნდება ცინ განი მოვალეობების შესრულებას.
ცნობისთვის: ბოლო დრომდე ცინ განის კარიერა წარმატებულად ვითარდებოდა. საგარეო წუების წარმომადგენელი 2021 წელს - აშშ-ჩინეთის ურთიერთობების გამწვავების პერიოდში შტატებში ჩინეთის ელჩად დაინიშნა, გასული წლის ოქტომბერში ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად იქნა წარდგენილი, წლის ბოლოს კი - დეკემბერში საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა.
მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ ცინ განი მკვეთრად აკრიტიკებდა აშშ-ს ტაივანის საკითხის გამო და ეს კრიტიკა გაგრძელდა გასულ თვემდე, როცა მხარეებმა დიალოგი განაახლეს და ცინ განი პეკინში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკეს შეხვდა.


