
პოლონეთში პედოფილიის საქმეზე საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს
17/07/2023 13:34:21 საზოგადოება
პოლონეთში პედოფილიის საქმეზე საქართველოს ოთხ მოქალაქე დააკავეს.
პოლონური მედიის ცნობით, შემთხვევა ორი დღის წინ ქალაქ ბიტუმში, ადგილობრივ აუზზე მოხდა. დახმარება ბავშვის მშობელმა ითხოვა. კერძოდ, ქალმა დაცვას შეატყობინა, რომ შვილმა მას 50 წლამდე კაცის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ უამბო. დაცვამ კაცს და მის თანმხლებ სამ პირს ტერიტორია დაატოვებინა და მომხდარის შესახებ პოლიციას მიმართა.
მედია ამბობს, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტს ბავშვის გარდა სხვა პირებიც ადასტურებენ.
ვითარება ადგილზე პოლიციის მისვლის შემდეგ დაიძაბა. დაკავებულების მიმართ აგრესია გამოავლინეს ადგილობრივებმა, რასაც შეხლა–შემოხლა მოჰყვა. ხალხი დაკავებულების ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვდა. პოლიციას ვითარების განსამუხტად სპეცსაშუალებების გამოყენება დასჭირდა.
დაკავებულები არიან 18–დან 55 წლამდე ასაკის პირები.
პოლონეთის პარლამენტის წევრმა კჟიშტოფ ბოსაკმა მომხდარის კონტექსტში განაცხადა, რომ ქვეყნის დიდ ქალაქებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან კრიმინალურმა აქტივობებმა იმატა:
„ჩვენ გვაქვს დანაშაულის აშკარა ზრდა დიდი ქალაქებში. პოლიციისგან არაფორმალურად გვესმის, რომ ქართველ დამნაშავეებს, ქართველების მიერ ფორმირებულ ბანდებს ვერ უმკლავდებიან“.
როგორც ცნობლია, დაკავებულებს ბრალს დღეს წარუდგენენ.
პოლონეთში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს ოთხი მოქალაქის დაკავების შესახებ.