ევროკავშირმა ტუნისთან გააფორმა შეთანხმება, რომელიც არალეგალური მიგრაციის აღკვეთას ითვალისწინებს
17/07/2023 10:45:57 მსოფლიო
ევროკავშირმა ტუნისთან გააფორმა შეთანხმება, რომელმაც არალეგალური მიგრაცია უნდა აღკვეთოს.
ევროკავშირსა და ტუნისს შორის ხელმოწერილი „სტრატეგიული პარტნიორობის“ შეთანხმება ასევე ითვალისწინებს კონტრაბანდისტების და ადამიანის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას, სასაზღვრო კონტროლის გაძლიერებას და ვაჭრობის გააქტიურებას.
ტუნისში ჩავიდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე.
ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ტუნისს გამოუყოფს 100 მილიონ ევროს ადამიანების კონტრაბანდასთან ბრძოლისთვის, სამაშველო და მსგავსი ოპერაციების ჩატარებისთვის. ევროკავშირი გადასცემს ტუნისს სასაზღვრო კონტროლის გაძლიერების საშუალებებს, რითაც უნდა გართულდეს არალეგალურად მიგრანტებით დატვირთული ნავების გაგზავნა ევროპისკენ.
მიგრაციის საერთაშორისო პროექტის თანახმად, 2022 წელს აფრიკის ჩრდილოეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ევროპისკენ მიმავალ გზაზე 3800 ადამიანი დაიღუპა, რაც 2017 წლის შემდეგ უდიდესი რიცხვია. იტალიამ აპრილში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მიგრანტების რიცხვის სწრაფი ზრდის გამო.


