რუსეთი და ჩინეთი იაპონიის ზღვაში ერთობლივ წვრთნებს იწყებენ
17/07/2023 10:42:01 მსოფლიო
იაპონიის ზღვაში რუსულ სამზედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალებს ერთობლივი წვრთნების ფარგლებში ჩინეთის სამხედრო ესკადრაც უერთდება. ოფიციალური ინფორმაციით, მანევრები "სტრატეგიული საზღვაო გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეა" მიმართული, - იუწყება Reuters ჩინეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით,
ჩინურმა ესკადრამ, რომელიც 5 საბრძოლო გემისა და 4 ვერტმფრენისგან შედგება, პორტი ცინდაო დატოვა და რუსულ ძალებს "წინასწარ განსაზღვრულ ზონაში" შეხვდება, - იუწყებოდა კვირას სამინისტრო.
რუსული ძალები მსგავს წვრთნებში პირველად მონაწილეობენ, უამბეს სახელმწიფო გამოცემა Global Times-სს სამხედრო დამკვირვებლებმა
წვრთნებში მონაწილე ორმა სამხედრო გემმა «Громкий» და «Совершенный» მანამდე ჩინურ ფლოტთან ერთობლივი ცალკე წვრთნები შანხაიში გაიარა, კიდევ უფრო ადრე მათ ტაივანსა და იაპონიას ჩაუარეს, რამაც ტაიბეისა და ტოკიოს მათთვის თვალის დევნებისკენ უბიძგა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, 2022 წლის თებერვალში რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებმა "უსაზღვრო პარტნიორობის" შესახებ განაცხადეს, რომელიც მათი თქმით, "აშშ-ის ზეგავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევაზეა მიმართული". როდესაც ივლისში ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ლი შანგფუ რუსული ფლოტის ხელმძღვანელს, ადმირალ ნიკოლაი ევმენოვს პეკინში შეხვდა, მხარეებმა სამხედრო კავშირების გამყარების ვალდებულება დაადასტურეს. ჩინეთის გაერთიანებული შტაბის მთავარსარდალმა ლიუ ჩჟენლიმ და რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა ვალერი გერასიმოვმა ანალოგიური განცხადებები ივნისში გამართულ ვიდეოკონფერენციაზე გააკეთეს.
ჩინეთს და რუსეთს გასულ წელს 6 ერთობლივი წვრთნა აქვთ ჩატარებული, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 20 წლის განმავლობაში. 2019 წელს გამართული სწავლებებიდან ერთობლივი მხოლოდ 2 იყო, 2016 წლამდე კი ქვეყნები ერთობლივ წვრთნებს გაცილებით უფრო იშვიათად ატარებდნენ, - მოითვალა Bloomberg-მა.


