უკრაინული მედია: ყირიმის ხიდზე შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო
17/07/2023 06:29:12 მსოფლიო
ყირიმის ხიდზე შეტევა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცოპერაცია იყო, – იუწყება უკრანული მედია.
მისი ცნობით, ხიდს ზღვის დრონებით შეუტიეს.
"ხიდთან მისვლა რთული იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს შესაძლებელი აღმოჩნდა",– ნათქვამია შეტყობინებაში.
ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავდა, – იუწყება რუსული მედია.
მანამდე, ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე მოძრაობა "საგანგებო ინციდენტის" გამო შეჩერებულია. მისი თქმით, ადგილზე სამართალდამცავი ორგანოები და ყველა პასუხისმგებელი სამსახური მუშაობენ.
ქერჩის სრუტეზე გამავლი საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი ანექსირებულ ყირიმს რუსეთის კრასნოდარის მხარესთან აკავშირებს .
უკრაინა და რუსეთი ქერჩის სრუტეზე სატრანსპორტო გადასასვლელის ერთობლივ მშენებლობაზე 2013 წელს შეთანხმდნენ. 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა და ხიდი თავად ააშენა. 2018 წელს რუსეთმა ხიდის საავტომობილო ნაწილი გახსნა, ხოლო 2019 წელს - სარკინიგზო. 2022 წლის თებერვალში უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრისას რუსეთი ყირიმის ხიდს საკუთარი ჯარების მომარაგებისთვის იყენებდა.
მომხდარზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა: "მხოლოდ ციტირება შეიძლება საზვერვის ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის სიტყვების, რომ ”ყირიმის ხიდი იქ ზედმეტი ნაგებობაა”.


