
ჯანდაცვის სამინისტრო – „ამტელ ჰოსპიტალსში“ გადაყვანილ პაციენტთან ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ფიქსირდება"
26/11/2019 06:04:32 სხვა, საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციიდან კლინიკებში სულ ოთხი ადამიანი გადაიყვანეს.
"აქედან ერთი მოქალაქე „ნიუ ჰოსპიტალსში“ იქნა მოთავსებული, ერთი – „ამტელ ჰოსპიტალსში“, ხოლო ორი ინგოროყვას კლინიკაში. ჰოსპიტალიზებულთაგან ერთი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერილია", – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
უწყების ცნობით, „ამტელ ჰოსპიტალსში“ გადაყვანილ პაციენტთან ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ფიქსირდება. რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების მიერ მიმდინარეობს ზოგადი დაკვირვება. პაციენტებს შესაბამისი კვლევები უტარდებათ.
ცნობისთვის: ძალოვანებმა პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სპეციალური დანიშნულების რაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშლა დილის 05:00 საათზე დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს სამი ადამიანი დაშავდა. მისივე ცნობით, დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი დახმარება გაეწიათ. გარდა ამისა, აქციაზე დააკავეს 28 ადამიანი. უწყებაში აცხადებენ, რომ მათ სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობას ედავებიან, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.
აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას გეგმავდნენ, რათა დეპუტატები დღეს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე არ შეეშვათ.
დემონსტრანტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია - ბიძინა ივანიშვილმა შეასრულოს 24 ივნისს გაცემული დაპირება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. ისინი ხელისუფლებას გერმანულ მოდელს სთავაზობენ.
აქტივისტებმა და ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირება ერთი კვირის წინაც მოაწყვეს - 17 ნოემბრის ღამით მათ ბოქლომები დაადეს პარლამენტს, 18 ნოემბერს ხელისუფლებამ პიკეტი სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა და 37 ადამიანი დააკავა. მათ დიდ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.