მედია: რუსეთში, ეკატერინბურგთან მდებარე ელექტროქიმიურ ქარხანაში ბირთვულმა საწვავმა გაჟონა
14/07/2023 13:46:10 მსოფლიო
რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგთან მდებარე ურალის ელექტროქიმიურ ქარხანაში ბირთვულმა საწვავმა გაჟონა, - იუწყება უკრაინული გამოცემა RBC.UA .
გამოცემის ცნობით, გაჟონვა ელექტროქიმიური სადგურის ერთ-ერთი კონტეინერის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია, რომელშიც ერთი კუბური მეტრის ოდენობის ურანი იყო მოთავსებული. შემთხვევა დღეს ადგილობრივი დროით 9:13 საათზე მოხდა.
რუსული სამთავრობო გამოცემა იტყობინება, რომ ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, თუმცა მისი ვინაობა არ კონკრეტდება.
თავის მხრივ, გარდაცვალების ფაქტს არ ადასტურებს Rosatom-ი და მას მოიხსენიებს როგორც დაშავებულს.
გამოცემა E1 აღნიშნავს, რომ გაჟონვის შემდეგ ელექტროქიმიური ქარხანის 100-მდე თანამშრომელს შეამოწმებენ. მისი ცნობით, თუ ურანით სავსე კონტეინერი მართლაც დაზიანდა, ის ქიმიურ საფრთხეს წარმოადგენს გარშემო მყოფებისთვის.
რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ ტიუმენცევი ადგილობრივებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ პანიკას.


