ნაუსედა: უკრაინის NATO-ში გაწევრიანების ერთ–ერთი პირობა "მეხუთე კოლონასთან" ბრძოლაა
14/07/2023 10:57:06 მსოფლიო
ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ, ნატო შეძლებს, სწრაფად მიიღოს ალიანსში უკრაინის მიღების თაობაზე გადაწყვეტილება, მაგრამ ამისთვის კიევს რიგი რეფორმების გატარება სჭირდება,– ამის შესახებ მან LRT–სთან ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, რეფორმები უნდა განხორციელდეს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ უკრაინა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დგას, ის მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაში. ეს რეკომენდაციები დაკავშირებულია კორუფციასთან, დეოლიგარქიზაციასთან და აშშ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, ერთ-ერთი მოთხოვნა ე.წ. მეხუთე კოლონასთან ბრძოლაა.
„ეს არის ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი პირობა, მაგრამ მოდით, ვაღიაროთ, "მეხუთე კოლონა" ყველგანაა, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ჩვენ ვერც კი წარმოვიდგენდით, შორს, თუნდაც ჩვენგან დასავლეთით“, - დასძინა ნაუსედამ.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებები მიუთითებს, რომ ისინი ქვეყანას მსგავსი ადამიანებისგან "წმენდენ".
„ყოველთვის, როცა მესმის, რომ ვიღაც მაღალი თანამდებობიდან გადააყენეს, მიხარია, რადგან მესმის, რომ სახელმწიფო იწმინდება. თუ ყველაფერი ლამაზადა და სტაბილურად მოჩანს ძალაუფლების იერარქიაში, ეს ეჭვს გამოიწვევდა ისეთ ქვეყანაში, სადაც ბევრი ინტერესი ეჯახება და სადაც რუსეთი ცდილობს არა მხოლოდ ღია სამხედრო ოპერაციების წარმოებას, ასევე ჰიბრიდულ და დეზინფორმაციულ ქმედებებს. არა, უკრაინა იწმინდება და ვფიქრობ, მომავალშიც გაიწმინდება“, - განაცხადა ნაუსედამ.


