
პუტინი: „ვაგნერი" არ არსებობს
14/07/2023 07:11:50 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, „ვაგნერი" არ არსებობს.
რუსეთის პრეზიდენტმა სამი მიზეზი დაასახელა, რის გამოც ივნისის ბოლოს, კრემლში შეხვდა მეამბოხე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეთაურებს და კომპანიის დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინს.
პუტინმა გამოცემა „კომერსანტის“ ჟურნალისტს უთხრა, რომ „ვაგნერელებთან“ შეხვედრის შესახებ „აკურატულად“ ისაუბრებდა.
"საზოგადოებისთვის ყველაფერი ძალიან მარტივი და ნათელია - „ვაგნერის“ რიგითი მებრძოლები ღირსეულად ომობდნენ და სამწუხაროა, რომ ამ მოვლენებში (ამბოხება) ჩართული აღმოჩნდნენ", – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, „ვაგნერის“ მეთაურებთან შეხვედრისას ერთის მხრივ, შეაფასა ის საქმე, რაც მათ ბრძოლის ველზე გააკეთეს, მეორეს მხრივ - ის, რაც 24 ივნისის მოვლენების დროს ჩაიდინეს და ამასთან, აჩვენა მათი შემდგომი სამსახურის შესაძლო ვარიანტები.
შეკითხვას, სავარაუდოა თუ არა, რომ „ვაგნერი“ შენარჩუნდება, როგორც საბრძოლო ერთეული, პუტინმა უპასუხა:
"კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ არ არსებობს, რადგან რუსეთში არ არსებობს კანონი კერძო სამხედრო ორგანიზაციების შესახებ".
შემდეგ მან დააკონკრეტა, რომ „ჯგუფი არის, მაგრამ იურიდიულად არ არსებობს და ლეგალიზაციის საკითხი მთავრობასა და სახელმწიფო სათათბიროში უნდა განიხილებოდეს".
პუტინმა „კომერსანტის“ ჟურნალისტს ისიც უთხრა, რომ „ვაგნერის“ მეთაურებს სამსახურის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, მათ შორის უშუალო სამხედრო მეთაურის, მეტსახელად „სედოის“ ხელმძღვანელობით და ბევრმა თანხმობის ნიშნად თავიც დააქნია, თუმცა, პრიგოჟინმა, რომელიც წინა რიგში იჯდა და ამას ვერ ხედავდა, განაცხადა, რომ „ბიჭები ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან".
რუსეთის გასამხედროებულმა დაჯგუფება "ვაგნერმა" რუსეთში 23-24 ივლისს ამბოხება მოაწყო. შეთანხმებით, რომლითაც ამბოხება დასრულდა, "ვაგნერის" ხელმძღვანელს ევგენი პრიგოჟინს ბელარუსში გადასვლის საშუალება მიეცა.
ამბოხების დასრულების შემდეგ პრიგოჟინი საჯაროდ არ გამოჩენილა.