
"ევროოპტიმისტები": 2012-2022 წლებში საქართველოდან უცხოეთში წასული 245 000-მდე მოქალაქე უკან აღარ დაბრუნებულა
13/07/2023 16:28:28 საზოგადოება
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" ინფორმაციით, 2012-2022 წლებში საქართველოდან უცხოეთში წასული 245 000-მდე მოქალაქე უკან აღარ დაბრუნებულა.
"ევროოპტიმისტებმა" საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით პრეზენტაცია "მიგრაცია საქართველოში, ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზე" მოამზადეს.
მისი ცნობით, 2021-2022 წლებში საქართველო 181 153 მოქალაქემ დატოვა, 93 931 მოქალაქე კი უკან დაბრუნდა. შესაბამისად, აღნიშნულ წლებში საზღვარგარეთ დარჩა საქართველოს 87 222 მოქალაქე.
რაც შეეხება 2012 წლიდან 2022 წლამდე მონაცემებს, პოლიტიკური ჯგუფის ინფორმაციით, "ამ პერიოდში ქვეყანა დატოვა და უკან აღარ დაბრუნებულა საქართველოს 244 966 მოქალაქემ, რაც ერთად აღებული ბათუმის და ზუგდიდის მოსახლეობას აღემატება".
ასევე 2012-2022 წლებში ქვეყანაში შემოვიდა და დარჩა 225 000-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე.
ამავე პერიოდში საქართველოში ჩამოვიდა და ქვეყანა არ დაუტოვებია რუსეთის 93 872 მოქალაქეს.
კონკრეტულად 2022 წლის შემთხვევაში, როცა სამხედრო მობილიზაციის ფონზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქეები შემოვიდნენ საქართველოში, მიგრაციის სალდო 56 369 იყო - რუსეთის მოქალაქე დარჩა საქართველოში. შემოვიდა.
"ევროოპტიმისტები" აცხადებენ, რომ საქართველოსთვის მიგრაცია ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა, რადგან ქვეყნიდან ყოველ წელს უფრო მეტი ადამიანი გადის ვიდრე შემოდის.
"საქართველოში დემოგრაფიული კრიზისი გამოიხატება ქვეყნის მოსახლეობის შემცირებით, რაც გამოწვეულია მასშტაბური მიგრაციით და შობადობის კლებით. მიგრაცია ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა, რადგან ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან ვიდრე შემოდის. ამ პრობლემის გადაჭრის მთავარი გზა არის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომელიც უზრუნველყოფს ცხოვრების დონის ამაღლებას და შედეგად მოსახლეობის რიცხოვნობის სტაბილიზაციას", - აცხადებენ ევროოპტიმისტები.
პოლიტიკური ჯგუფის წევრის რომან გოცირიძის თქმით, მოქალაქეების ქვეყნის დატოვების მთავარი მიზეზი ეკონომიკური მდგომარეობაა.
"წარმოიდგინეთ, რომ გორი და ზუგდიდი არ არსებობს, აორთქლდა წავიდა უცხოეთში. ბოლო 10-11 წლის განმავლობაში 245000 ჩვენი მოქალაქე დარჩა უცხოეთში. გამომწვევი მიზეზი რა არის? კატასტროფულად დაბალი შემოსავლები, მოქალაქეების ნახევარი, ვინც დასაქმებულია, 700 ლარი აქვს ხელფასი. ქვეყანა იცლება და ივსება სხვა ქვეყნის მოქალაქეებით", - განაცხადა გოცირიძემ.