ბრიგადის გენერალი: უკრაინამ უკვე მიიღო კასეტური საბრძოლო მასალები აშშ–ისგან, რუსები შეშინებულები არიან
13/07/2023 13:08:04 მსოფლიო
"ტავრიის" ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების მეთაურმა ალექსანდრე ტარნავსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ უკვე მიიღო კასეტური საბრძოლო მასალები შეერთებული შტატებისგან,– ამის შესახებ ბრიგადის გენერალმა CNN–თან ინტერვიუში ისაუბრა.
ამასთან, ტარნავსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელ სამხედროებს ეს საბრძოლო მასალა ჯერ არ გამოუყენებიათ.
„ახლახანს მივიღეთ და ჯერ არ გამოგვიყენებია, მაგრამ მათ შეუძლიათ, რადიკალურად შეცვალონ [სიტუაცია ბრძოლის ველზე. - რედ.]. მტერსაც ესმის, რომ ამ საბრძოლო მასალის მიღების შემდეგ, უპირატესობა ჩვენ გვექნება. მტერი უარს იტყვის ისეთ ადგილმდაბერეობებზე, სადაც მათი გამოყენებაა შესაძლებელი“, - განაცხადა მან.
შეერთებული შტატებიდან უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალის ჩასვლის შესახებ აქამდე ინფორმაცია არ ყოფილა.
ტარნავსკიმ დასძინა, რომ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას უმაღლესი სამხედრო სარდლობა მიიღებს.
გენერალმა აღნიშნა, რომ უკრაინამ პირობა დადო, არ გამოიყენოს კასეტურ საბრძოლო მასალა მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში მაშინაც კი, თუ მათ რუსული საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ.
"რუსები ფიქრობენ, რომ ჩვენ მათ ფრონტის ყველა სექტორში გამოვიყენებთ. ეს ასე არ არის. მაგრამ ისინი ძალიან შეშფოთებულნი არიან", - თქვა მან.
მანამდე შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა ახალი სამხედრო დახმარება უკრაინის არმიის მხარდასაჭერად, რომელიც მოიცავს კასეტურ საბრძოლო მასალებს.


