
ნოდარ მელაძე: ჩემი დაშინების მიზნით მანქანა გამიძარცვეს
13/07/2023 11:54:14 საზოგადოება
"TV პირველის" მთავარი პროდიუსერი და ტელეწამყვანი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ გუშინ გვიან ღამით მისი კუთვნილი მანქანიდან მოიპარეს გარე მეხსიერების მოწყობილობა, რომელსაც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ყოველდღიურად იყენებდა. მისი თქმით, შემთხვევა მოხდა თბილისში, თავისუფლების მოედნიდან რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარე კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძე).
მან გამოთქვა ეჭვი, რომ ეს არის მისი დაშინების მცდელობა მანქანის ძარცვის იმიტაციით. ტელეწამყვანს ამ ეჭვს უმძაფრებს ის გარემოება, რომ მანქანიდან წაღებული არ არის სხვა არც ერთი ღირებული ნივთი, რომელიც ქურდისთვის საინტერესო შეიძლება, ყოფილიყო.
"ქურდი რომ ყოფილიყო, სხვა ნივთებსაც წაიღებდა. ამიტომ ამას ვუკავშირებ იმ დაშინების კამპანიას, რომელიც დაიწყეს - ახლა გადავიდნენ მოქმედებაზე, არ ერიდებიან ხალხმრავალ ადგილებსაც, რომ თავისუფლებიდან 100 მეტრშიც ვერ ხარ დაცული", - ამბობს მელაძე "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას.
იგი იხსენებს, რომ ამ შემთხვევიდან რამდენიმე კვირით ადრე ტელეწამყვანსა და "ფორმულის" ერთ-ერთი დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეს დღის საათებში თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე სცემეს.
ჟურნალისტი ამბობს, რომ მისი მანქანიდან ნივთი ღამით, 12:00 საათიდან 03:00 საათამდე დროის იმ მონაკვეთში წაიღეს, როცა იგი სტუმრად მივიდა ოჯახის წევრებთან:
"მანქანა იდგა იმ ადგილზე, რომელსაც ერთდროულად უყურებს სამი კამერა... გამოვიძახე პოლიცია იმის მიუხედავად, რომ გამოძიებას იწყებენ და რეაგირება არ აქვთ. ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, პოლიციელმა ნახა სასტუმროს კამერით გადაღებული კადრები. მომატყუა, რომ არ უნახავს... ახლა მოიგონებენ ისტორიას, რომ გამვლელმა გადაწყვიტა მანქანაში შემძვრალიყო".
ნოდარ მელაძე არ გამორიცხავს, რომ ეს არის ძარცვის იმიტაცია, რა დროსაც მის მანქანაში დააყენეს ან პირიქით მოხსნეს სათვალთვალო მოწყობილობები. მისი თქმით, მისი მანქანის ადგილმდებარეობის დადგენა შესაბამის სამსახურებს არ გაუჭირდებოდათ, რადგან მას ჩართული ჰქონდა პარკირების სისტემა, რომლის გასააქტიურებლადაც აუცილებელია მძღოლმა მიუთითოს ტრანსპორტის ადგილმდებარეობა.