200-ზე მეტმა რუსმა შეიცვალა სპორტული მოქალაქეობა
13/07/2023 10:48:08 მსოფლიო
200-ზე მეტმა რუსმა სპორტსმენმა შეიცვალა ან აპირებს, შეცვალოს სპორტული მოქალაქეობა 2022-2023 წლებში, რათა განაგრძონ ასპარეზობა საერთაშორისო შეჯიბრებებში მას შემდეგ, რაც რუსეთს სანქციები დაუწესდა უკრაინაში სამხედრო შეჭრის საპასუხოდ,– იუწყება გამოცემა "ხოლად" ღია წყაროებში მოპოვებულ ცნობებზე დაყრდნობით. სიაში მოხვდნენ როგორც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები, ასევე დამწყები სპორტსმენები.
მათ შორის ყველაზე მეტნი მოჭადრაკეები არიან: 141-მა სპორტსმენმა შეცვალა დროშა, რომლის ქვეშაც თამაშობენ. ერთ-ერთი მათგანია მსოფლიო ჩემპიონი მოჭადრაკე ქალებში ალექსანდრა კოსტენიუკი. შემდეგ პოზიციებს ინაწილებენ ფიგურული სრიალი და ცხენოსნობა. ამ სახეობებში რუსეთმა 11 სპორტსმენი დაკარგა. მათ შორის, მაგალითად, რუსეთის დამსახურებული მწვრთნელის ეთერ თუთბერიძის ქალიშვილი დიანა დევისი. შემდეგ ადგილზეა რიტმული ტანვარჯიში და ჩოგბურთი: თითოეულ სახეობაში ხუთმა სპორტსმენმა გამოაცხადა სპორტული მოქალაქეობის შეცვლის შესახებ.
მოტოსპორტსა და ფეხბურთში ოთხმა რუსმა სპორტსმენმა შეიცვალა მოქალაქეობა. რუსეთმა დაკარგა 2–2 სპორტსმენი ველოსპორტში, მოტოციკლეტით რბოლაში, სწრაფ სრიალში, ჰოკეიში, ცურვაში, ნიჩბოსნობაში, კრივში და ნაოსნობაში. მათ შორის არის ევროპის სამგზის ჩემპიონი ცურვაში ანასტასია კირპიჩნიკოვა. ხოლო თითო – თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, მძლეოსნობაში, ბიატლონში, ძიუდოში, მხატვრულ ტანვარჯიში და თხილამურებით სრიალში.
ყველაზე ხშირად, რუსი სპორტსმენები, რომლებმაც შეცვალეს სპორტული მოქალაქეობა, ასპარეზობენ ისრაელის, სერბეთისა და გერმანიის დროშების ქვეშ.
ჟურნალისტები თვლიან, რომ მათი რაოდენობა შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს, რადგან მნიშვნელოვანი ნაწილი ახალგაზრდა სპორტსმენებისა საჯაროობას თავს არიდებენ.
რამდენიმე რუსი სპორტსმენის მხრიდან საერთაშორისო დონეზე დაბრუნების მცდელობა სკანდალში გადაიზარდა ალჟირის პანარაბულ თამაშებზე. ზოგიერთი მათგანი შეჯიბრზე გავიდა როგორც სირიელი სპორტსმენი, მოქალაქეობის რეალური შეცვლის გარეშე.


