Accentnews.ge
ჟენევაში აშშ-ის მისია: შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს, დაუყოვნებლივ შეასრულოს "ცეცხლის შეწყვეტის შესახებ" შეთანხმებით აღებული ვალდებულებები

ჟენევაში აშშ-ის მისია: შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს, დაუყოვნებლივ შეასრულოს "ცეცხლის შეწყვეტის შესახებ" შეთანხმებით აღებული ვალდებულებები

13/07/2023 09:24:35 მსოფლიო

აშშ რუსეთს კვლავ მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის "ცეცხლის შეწყვეტის შესახებ" შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. ამის შესახებ ნათქვამია ჟენევაში აშშ-ის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების 58-ე რაუნდის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.

"შეერთებული შტატების დელეგაცია კავკასიის მოლაპარაკებებში უფროსი მრჩეველის ლუი ბონოს ხელმძღვანელობით მიესალმა მონაწილეებთან დიალოგს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით. შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს, დაუყოვნებლივ შეასრულოს თავისი მკაფიო ვალდებულება ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებზე, ასევე, შეასრულოს თავისი ვალდებულებები, დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეუზღუდავი წვდომა და არ შეაფერხოს ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების ღონისძიებების/შეთანხმებების შექმნა.

რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%–ის ოკუპაცია და რუსეთის მხრიდან მიმდინარე "ბორდერიზაცია" საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ძირს უთხრის. შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს დიდი ერთგულებას, არ გამოიყენოს ძალა კონფლიქტის მოსაგვარებლად.

რუსეთი საქართველოში კონფლიქტის ერთადერთი მხარეა, რომელიც ამჟამად ათავსებს თავის ძალებს სხვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლისა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების აშკარა დარღვევით.

შეერთებული შტატები წუხს, რომ მოლაპარაკებებში რუსეთის მონაწილეებმა და დე ფაქტო ხელისუფლების მონაწილეებმა დატოვეს სხდომა მაშინ როცა განიხილებოდა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების, ასევე – წყლისა და გაზის საკითხები.

ამასთან, შეერთებული შტატები მიესალმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მიმდინარე მექანიზმს (IPRM), რომელიც დაძაბულობას მუხტავს და აუმჯობესებს საცხოვრებელ პირობებს ადგილობრივ დონეზე, შეერთებული შტატები ასევე იმედოვნებს, რომ გალის ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის შეხვედრები განახლდება.

შეერთებული შტატები აღნიშნავს საქართველოს რეგიონთან – სამხრეთ ოსეთის რეგიონთან ადმინისტრაციული საზღვრის ორი გადაკვეთის პუნქტის ნაწილობრივ გახსნას და ჩვენ ვაგრძელებთ მოწოდებას მათი სრული გახსნის შესახებ, რაც დადებითად აისახება კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე", – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S