Accentnews.ge
შსს– სამართალდამცველებმა პარლამენტთან აქციაზე 28 პირი დააკავეს, დაშავებულია 3 ადამიანი

შსს– სამართალდამცველებმა პარლამენტთან აქციაზე 28 პირი დააკავეს, დაშავებულია 3 ადამიანი

26/11/2019 05:03:06 სხვა, სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს სამი ადამიანი დაშავდა. მისივე ცნობით, დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი დახმარება გაეწიათ.

გარდა ამისა, აქციაზე დააკავეს 28 ადამიანი. უწყებაში აცხადებენ, რომ მათ სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობას ედავებიან, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.

შსს-ში აღნიშნავენ, რომ აქციის მონაწილეები გააფრთხილეს და მისცეს გონივრული ვადა, რათა "ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან" გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი.

"აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ ბლოკირებული შესასვლელები. შესაბამისად, აქცია გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც კრძალავს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებას, ასევე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა", - აცხადებენ უწყებაში.

მისივე ცნობით, საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, "საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები გათავისუფლებულია".

ამასთან, შსს მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან კანონი და აღნიშნავს, რომ სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

ცნობისთვის: ძალოვანებმა პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სპეციალური დანიშნულების რაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშლა დილის 05:00 საათზე დაიწყო. 

აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას გეგმავდნენ, რათა დეპუტატები დღეს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე არ შეეშვათ. ახლა ყველა შესასვლელი სპეცრაზმს აქვს დაკავებული.

დემონსტრანტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია - ბიძინა ივანიშვილმა შეასრულოს 24 ივნისს გაცემული დაპირება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. ისინი ხელისუფლებას გერმანულ მოდელს სთავაზობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S