პრიგოჟინთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჯანყის შემდეგ ჯამში მილიარდიანი სახელმწიფოს კონტრაქტები მიიღეს
13/07/2023 07:10:54 მსოფლიო
სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინთან ასოცირებული კომპანიები განაგრძობდნენ მრავალმილიონიანი სახელმწიფო შეკვეთების მიღებას, მიუხედავად მფლობელის მხრიდან მოწყობილი სამხედრო აჯანყებისა. ამ გარემოებას ყურადღება RTVI-მა მიაქცია.
24 ივნისის შემდეგ პრიგოჟინის კომპანიებმა 1 მილიარდ რუბლზე მეტი ღირებულების ცხრა კონტრაქტი გააფორმეს. მათგან ყველაზე მსხვილი ხელშეკრულება შპს Prodfootservice-თან დაიდო, რომლის ღირებულებაც 705 მილიონ რუბლზე მეტია. დამკვეთი იყო მოსკოვის მახლობლად მდებარე მითიშჩის ადმინისტრაციის განათლების დეპარტამენტი. პრიგოჟინის კომპანია 2023-2025 წლებში საჯარო სკოლის მოსწავლეების კვებაზე იზრუნებს. მიმწოდებელი იქნება პრიგოჟინთან დაკავშირებული კიდევ სამი კომოანია.
პრიგოჟინის კომპანიების სხვა დამკვეები ასევე არიან მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტს დაქვემდებარებული კლინიკები. მათ დადეს ხუთი კონტრაქტი – 82,4 მილიონ რუბლზე მეტი ღირებულების და როგორც მედიასაშუალებას განუცხადეს, არ გეგმავენ ადრე დადებული ხელშეკრულებების შეწყვეტას.
მანამდე "ვიორსტკა" წერდა, რომ სამთავრობო უწყებებმა შეწყვიტეს პრიგოჟინის კომპანიებთან საკვების მიწოდების თაობაზე ხელშეკრულებების გაფორმება. ჩატარებული 11 ტენდერიდან მხოლოდ სამი ხელშეკრულება გაფორმდა "ვაგნერის" ხელმძღვანელის კომპანიებთან. ანუ პრიგოჟინმა 7 ტენდერი წააგო მაშინ, როდესაც გასულ წელს 38 ტენდერიდან 32 მოიგო.


