
დღეს ფოთის საცურაო კომპლექსის სპორტდარბაზში სტარტი აიღო ფოთის მე-16 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალმა "ნანა ალექსანდრიას თასი -2023"
12/07/2023 16:06:22 რეგიონები, რეკლამა
დღეს ფოთის საცურაო კომპლექსის სპორტდარბაზში სტარტი აიღო ფოთის მე-16 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალმა "ნანა ალექსანდრიას თასი -2023".
"ფესტივალის გახსნამდე მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატება უსურვა ქალაქ ფოთის მერის მოადგილემ ლექსო თოდუამ, ქალაქ ფოთის სპორტისა და ტურიზმის ცენტრის დირექტორმა ბექა გუგუშვილმა და ტურნირის მთავარმა ორგანიზატორმა დავით კოდუამ.ტურნირის დაწყებისას საჭადრაკო დაფაზე სიმბოლური პირველი სვლა ლექსო თოდუამ გააკეთა.
ფესტივალის ტურნირები შვეიცარული სისტემით 9 ტურად იმართება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 400-ზე მეტი მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას, რაც ფესტივალის ისტორიაში რეკორდულად დიდი მაჩვენებელია.
ფესტივალი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის და ფოთის საჭადრაკო კლუბ "ნანა"-ს ორგანიზატორებით მიმდინარეობს.
გამარჯვებულებს ფულადი პრიზები, ფასიანი საჩუქრები, თასები და დიპლომები გადაეცემათ.
აღსანიშნავია, რომ წელს დაწესდა საჭადრაკო კლუბ "ნანა"-ს გამორჩეული მასწავლებელის, ფიდეს ოსტატის და წლების განმავლობაში აღნიშნული ფესტივალის აქტიური მონაწილის, გიორგი გამზარდიას სახელობის ბლიც ტურნირი, რომელიც 18 ივლისს გაიმართება. დაწესებულია სპეციალური პრიზიც.
ფესტივალი დღეს დაიწყო და 20 ივლისამდე გაგრძელდება", – ნათქვამია ფოთის საცურაო კომპლექსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.