რუსულმა დელეგაციამ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდი კვლავ ნაადრევად დატოვა
13/07/2023 05:34:45 მსოფლიო
ჟენევის მოლაპარაკებებზე დევნილთა დაბრუნების საკითხი როგორც კი დგება დღის წესრიგში, რუსეთის დელეგაცია ტოვებს მოლაპარაკებათა მაგიდას, ყველა წინა რაუნდის მსგავსად, ეს განმეორდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდზეც, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ "საქართველოს პირველ არხს" განუცხადა.
დარსალიას თქმით, რუსეთის ფედერაცია არ ავლენს არანაირ ნიშანს, რომ დაიწყოს საკითხის განხილვა.
„დევნილთა დაბრუნების თემა არის ცენტრალური საკითხი ჟენევის მოლაპარაკებებზე. სამწუხაროდ, რუსეთის დელეგაციის მხრიდან გრძელდება პრაქტიკა, როგორც კი ეს საკითხი დგება დღის წესრიგში, ისინი ტოვებენ მოლაპარაკებათა მაგიდას. ყველა წინა რაუნდის მსგავსად, ეს განმეორდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდზეც. რუსეთის ფედერაცია არ ავლენს არანაირ ნიშანს, რომ დაიწყოს ამ საკითხის განხილვა, ეს კი ექვსპუნქტიანი შეთანხმების ცენტრალური თემაა უსაფრთხოების საკითხებთან ერთად. ჟენევის პროცესში ნებისმიერი პროგრესი განიხილება მხოლოდ ამ საკითხებზე წინსვლით. შესაბამისად, ადრე თუ გვიან, ეს საკითხები გადასაჭრელი იქნება და ეს არანაირ სურვილზე არაა დამოკიდებული. ეს არის ჩვეულებრივი ვალდებულებები, რომელიც რუსეთს გააჩნია როგორც საერთაშორისო სამართლით, ისე ექვსპუნქტიანი შეთანხმებით, რომელიც უნდა შეასრულოს. ეს დადგენილია საერთაშორისო სასამართლოებით, საერთაშორისო სამართლის ნორმებით, ნებისმიერი საერთაშორისო პროცესით, რეზოლუციებით და მათ შორის თავად ექვსპუნქტიანი შეთანხმებითაც, რომ საქმე გვაქვს ქართულ-რუსულ კონფლიქტთან, რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციასთან, რომელზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.
რუსეთის დელეგაციამ ჟენევის მოლაპარაკებები დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვისას ამჯერადაც დატოვა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინმა განაცხადა, „დევნილთა დაბრუნების საკითხი უნდა იყოს განხილული მშვიდ, არაპოლიტიზებულ გარემოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან“.
ცნობისთვის: ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად შექმნილი ფორმატია. თავიდან ის წელიწადში ოთხჯერ ტარდებოდა, თუმცა პერიოდულობა სხვადასხვა მიზეზით არაერთხელ დაირღვა.
საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობს აშშ, ხოლო პროცესის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთო–სა და გაერო–ს წარმომადგენლები.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში - ერთი ჯგუფი განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს, ხოლო მეორე - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხსა და ასევე სხვა ჰუმანიტარულ პრობლემატიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).


