მიცოტაკისი: საბერძნეთი და თურქეთი მზად არიან ურთიერთობების გადატვირთვისთვის
12/07/2023 18:33:09 მსოფლიო
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ნატო–ს სამიტის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორი ქვეყანა მზად არის ურთიერთობების გადატვირთვისთვის,– იუწყება საინფორმაციო სააგენტო AP.
ოთხშაბათს, მიცოტაკისმა ერთსაათიანი შეხვედრა გამართა თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან ვილნიუსში და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი შეთანხმდნენ, მაღალ დონეზე კონტაქტები განაგრძონ.
"ჩვენი პრობლემები ჯადოსნური ჯოხით არ გადაწყდა. მაგრამ დღევანდელმა შეხვედრამ დაადასტურა ჩემი და პრეზიდენტ ერდოღანის განზრახვა ბერძნულ-თურქული ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ", - განაცხადა მიცოტაკისმა და დასძინა, რომ ორივე ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლები ზაფხულის დასრულების შემდეგ სალონიკში შეიკრიბებიან.
ოთხშაბათის მოლაპარაკებები გაიმართა მას შემდეგ, რაც თურქეთმა უარი თქვა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების ბლოკირებაზე და გამოავლინა შემდგომი მზადყოფნა, შეემსუბუქებინა დაძაბულობა დასავლეთის ქვეყნებთან, მათ შორის – საბერძნეთთან.
თურქეთი და საბერძნეთი განაგრძობენ დავას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საზღვაო საზღვრებთან დაკავშირებით. დავა ეხება არალეგალურ მიგრაციას, წიაღისეულის მოპოვების უფლებებსა და სამხედრო ძალების განლაგებას.
ნატოს ორივე წევრი შეერთებული შტატების დახმარებით ცდილობს საჰაერო ძალების მოდერნიზებას. ანკარას სურს F-16–ის გამანადგურებლები, ხოლო ათენს – შეუერთდეს F-35–ების პროგრამას.


