ზელენსკიმ უოლესის პრეტენზიებს უპასუხა
12/07/2023 18:20:44 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინული მხარე ყოველთვის ემადლიერებოდა ბრიტანეთის გაწეული დახმარებისთვის. ამის შესახებ მან ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ბენ უოლასის ბოლო განცხადებების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
„ჩვენ ყოველთვის მადლობელი ვიყავით ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებისა და ბატონი უოლესის, რადგან ბრიტანეთი ძალიან უჭერდა მხარს უკრაინელებს“, - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ არ იცვის, სხვაგვარად როგორ გამოხატოს მადლიერება, რომ ეს საკმარისად გამოიყურებოდეს:
„ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს და მადლიერები ვართ ბრიტანელი ხალხის. ხალხის მხარდაჭერა გავლენას ახდენს მთავრობის მხარდაჭერაზე“.
მანამდე ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ბენ უოლესის განცხადებამ, რომ უკრაინა უფრო მეტად უნდა იყოს მადლიერი დასავლეთის სამხედრო დახმარებისთვის და მოკავშირეებს ისე არ უნდა ეპყრობოდეს, როგორც ონლაინ მაღაზია „ამაზონს“, გაკვირვება გამოიწვია.
ბრიტანულ მედიას მოჰყავდა მინისტრის კომენტარი, რომ მან ვაშინგტონში გაიგონა კანონმდებლების „წუწუნი,“ „არ ვართ „ამაზონი“, ის დაეთანხმა ამ წუხილს და განაცხადა, რომ თავად უკრაინელებსაც იგივე უთხრა. მინისტრის თქმით, უკრაინელებს ისე ეჩქარებათ ყოველგვარი დახმარების მიღება, რომ ყოველთვის არ ამბობენ მადლობას იმისთვის, რაც უკვე გადაეცათ.
„მოგწონთ თუ არა ეს, ხალხს სურს მცირე მადლიერება დაინახოს“, - თქვა მინისტრმა ნატოს სამიტზე. უოლესის თანახმად, შარშან უკრაინაში ჩასვლისთანავე გადასცეს საჭირო იარაღის სია.
„იცით, ჩვენ არ ვართ „ამაზონი“, - ვუთხარი მათ შარშან მას მერე, რაც 11 საათი გზაში ვიყავი ამ სიის მისაღებად", - ამბობს უოლესი.
უოლესი ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გუშინდელ მკვეთრ განცხადებას, როცა უკმაყოფილება გამოთქვა ალიანსის კომუნიკეს გამო.
ბრიტანეთის პრემიერის რიში სუნაკის პრესმდივნის, მაქს ბლეინის თანახმად, გამონათქვამებს ასეთი ყურადღება არ უნდა მიექცეს: „ვფიქრობ, არაერთხელ გაიგონეთ პრეზიდენტ ზელენსკისგან მადლიერების სიტყვები დიდი ბრიტანეთის მიმართ, მისი მხარდაჭერისა და გულუხვობისთვის“.


