Accentnews.ge
Forbes: უკრაინა რუსეთს საარტილერიო ომში ამარცხებს

Forbes: უკრაინა რუსეთს საარტილერიო ომში ამარცხებს

12/07/2023 14:21:15 მსოფლიო

კონტრშეტევის დაწყებიდან ამ დრომდე უკრაინამ მტრის 4-ჯერ მეტი საარტილერიო შეიარაღება გაანადგურა, ვიდრე თავად დაკარგა, - იუწყება Forbes.

როგორც გამოცემა დამოუკიდებელ ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, ივნისიდან რუსეთმა 32 ერთეული "ჰაუბიცა" და რეაქტიული სისტემა დაკარგა, უკრაინამ კი იმავე პერიოდში - მხოლოდ 8. ეს - იმ ფონზე, როცა კონტრშეტევის დაწყების დღისთვის - 4 ივნისისთვის უკრაინას, ოფიციალური ინფორმაციით, 2500 ერთეული მსხვილკალიბრიანი შეიარაღება და გამშვები სისტემა გააჩნდა, რუსეთს კი - 4500.

უკრაინა რუსეთს საარტილერიო ომში ამარცხებს დასავლეთის მიერ მიწოდებული იმ სისტემების მეშვეობით, რომლებიც საბჭოთა ანალოგებზე გაცილებით სანდოა, ზუსტი და მეტი სიშორის, - აღნიშნავს Forbes.

სულ, გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 13 საარტილერიო ბრიგადაა ფორმირებული. გარდა ამისა, გერმანიამ, აშშ-მა, ნორვეგიამ და ბრიტანეთმა კიევს ათობით რადარი მიაწოდეს, რომელიც საარტილერიო რაკეტებისა და ჭურვების მოახლოებას აფიქსირებს, წყაროებს ადგენს და ჰაუბიცებსა და გამშვებ სისტემებს საპასუხო ცეცხლის გახსნის ბრძანებას გადასცემს. ეს რუსი არტილერისტების მუშაობას მნიშვნელოვნად ართულებს: ისინი იძულებულები არიან, ისროლონ და მალევე დატოვონ ლოკაცია, რათა უკრაინულ საპასუხო ცეცხლს აარიდონ თავი. დრონები და რადარები რუსეთსაც გააჩნია, მაგრამ დასავლურ ანალოჰებთან შედარებით ისინი გაცილებით დაბალეფექტურია.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში შეჭრის დროისთვის რუსეთს საარტილერიო შეიარაღების კუთხით კიევის წინაშე დიდი უპირატესობა ჰქონდა, კერძოდ, გააჩნდა 5000 ერთეული საარტილერიო შეიარაღება, ანუ უკრაინელებზე სამჯერ მეტი, თუმცა 17 თვის განმავლობაში ეს უპირატესობა შეირყა: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთს 600 ერთეული შეიარაღება და გამშვები სისტემა გაუნადგურეს, მოსკოვმა კი კიევს - 200.

ძალთა თანაფარდობის შეცვლა მიმდინარე წლის გაზაფხულზე გახდა შესამჩნევი. აპრილში უკრაინის სამხრეთ სარდლობამ დნეპრის მარცხენა ნაპირიდან წარმოებული კონტრცეცხლით რუსული არტილერიის ნეიტრალიზების კუთხით "შთამბეჭდავი შედეგების" შესახებ გააკეთა განცხადება.

იგივე სარდლობაა ამჟამად პასუხისმგებელი ქვეყნის სამხრეთში მიმდინარე კონტრშეტევის მთავარ მიმართულებებზე. სწორედ იქ კარგავს რუსული არმია ამჟამად ოთხჯერ უფრო მეტ საარტილერიო შეიარაღებას, ვიდრე უკრაინა, - აღნიშნავს Forbes.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S