აშშ-მა სერბეთის სპეცსამსახურების შეფი დაასანქცირა
12/07/2023 13:38:47 მსოფლიო
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სერბეთის უსაფრთხოებისა და ინფორმაციის სააგენტოს ხელმძღვანელის, პრეზიდენტ ვუჩიჩთან დაახლოებული ალექსანდრე ვულინი დაასანქცირა.
ვაშინგტონში თვლიან, რომ ვულინი კავშირშია ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან, უკანონო ნარკოოპერაციებთან და ამასთანავე სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებს. მეტიც, ამერიკული მხარის აზრით, ვულინი სერბეთში მაღალჩინოსნებს შორის კორუფციის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელია.
გარდა ამისა, ვაშინგტონის ინფორმაციით, ვულინი თავის უფლებამოსილებას რუსეთის მხარდაჭერისთვის იყენებდა დასავლეთ ბალკანეთის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესარყევად და რეგიონში რუსეთის გავლენის გასაზრდელად.
ცნობისთვის: ვულინი სერბეთის ხელისუფლებაში მოსკოვის კადრად ითვლება. როგორც გამოცემა «Европейская правда» აღნიშნავს, თავის დროზე სპეცსამსახურების ხელმძღვანელად მისმა დანიშნვამ პროდასავლური ოპოზიცია შეაშფოთა და ჩაითვალა მორიგ დემონსტრაციულ უარად, სერბეთმა, როგორც ევროკავშირის წევრობის მსურველმა ქვეყანამ, თავისი საგარეო პოლიტიკა ევროკავშირთან კოორდინაციაში მოიყვანოს.
წინა წლებში ვულინმა რუსეთისა და სერბეთის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენშტაბებს შორის თანამშრომლობა გააფართოვა, რის საფუძველზეც შემუშავდა კოსოვს წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო ოპერაციის გეგმაც. ამასთანავე, ვულინი პირველი სერბი პოლიტიკოსია, რომელმაც 2020 წლის დეკემბერში "რუსული სამყაროს" მსგავსი "სერბული სამყაროს" კონცეფცია განასაჯაროვა: "დავიცვათ ყველა სერბი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს". იმავე წლის ოქტომბერში ვულინმა განაცხადა: "სერბეთმა რაც შეიძლება, მალე უნდა აღიაროს, რომ ევროკავშირის წევრობა არ სურს და რომ მისი ადგილი იქ არ არის".


