
უკრაინელი აქტივისტი – სალივანს: "რა ვუთხრა ჩემს შვილს? რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა და NATO–მ არ მიიწვიეს უკრაინა NATO–ში, რადგან რუსეთის ეშინიათ?"
12/07/2023 11:59:58 მსოფლიო
ვილნიუსში NATO–ს სამიტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე უკრაინელ აქტივისტსა და აშშ–ის პრეზიდენტის მრჩეველს შორის ცხარე დისკუსია გაიმართა.
კერძოდ, ღონისძიებაზე კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს უკრაინაში "ანტიკორუფციული სამოქმედო ცენტრის" დირექტორმა დარია კალენიუკმა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანს მიმართა დაესახელებინა რეფორმები, რომელთა არგანხორციელება მიიჩნევა შემაფერხებელ ფაქტორად ალიანსში უკრაინის სადღეისოდ მიწვევისთვის.
„გთხოვთ, მირჩიოთ, რა ვუთხრა ჩემს შვილს? რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა და NATO–მ არ მიიწვიეს უკრაინა NATO–ში, რადგან რუსეთის ეშინიათ? რუსეთის წაგების გეშინიათ? გეშინიათ უკრაინის გამარჯვების? ან კრემლთან, რომელიც არის ტერორისტული ორგანიზაცია, კომუნიკაციაა "მინსკი 3"-ის შეთანხმების მისაღწევად? უნდა მოვამზადო ჩემი შვილი ჯარისკაცად და რუსებთან საბრძოლველად 7 წელიწადში, როცა იგი 18 წლის გახდება?“, – ასე მიმართა კალენიუკმა სალივანს.
საპასუხოდ სალივანმა უკრაინელ აქტივისტს უთხრა, რომ „ამერიკელი ხალხი იმსახურებს მადლიერებას უკრაინის მხარდაჭერისთვის".
„პრეზიდენტი ბაიდენი მკაფიო და პირდაპირი იყო თავის საჯარო კომენტარებში უკრაინისა და NATO–ს საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის პერსპექტივის შესახებ და ზოგიერთი რამ, რაც თქვენ თქვით, ვფიქრობ, სრულიად უსაფუძვლო და გაუმართლებელია", მიმართა სალივანმა კალენიუკს.
სალივანმა გაიმეორა ბაიდენის განცხადება, რომლის თანახმად, უკრაინის გაწევრიანება NATO–ში ახლა ნიშნავს იმას, რომ NATO რუსეთთან ომში იქნება და მან მიუთითა იმ რეფორმებზე, რომლებიც უკრაინას სჭირდება.
"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს. ჩვენ ამას გავაკეთებთ და მე პირადად გავაკეთებ ამას ყოველ დღე", – დასძინა სალივანმა.