NYT: თეთრი სახლი უკრაინისთვის ATACMS–ების მიწოდებას განიხილავს
12/07/2023 11:03:33 მსოფლიო
თეთრი სახლი დახურულ დისკუსიებს აწარმოებს უკრაინისთვის ATACMS–ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების შესაძლო მიწოდების თაობაზე,– ამის შესახებ New York Times ორ ამერიკელ და ერთ ევროპელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, საუბარია რამდენიმე "მიწა–მიწა" კლასის მართვადი რაკეტის მიწოდებაზე, რომლებიც რეზერვშია.
ამასთან, პენტაგონი ამტკიცებს, რომ უკრაინას ამჟამად არ სჭირდება შორი მანძილის რაკეტები. გარდა ამისა, ამერიკული ATACMS–ის არსენალი შედარებით მცირეა და არსებული რაკეტები უკვე განლაგებულია, კერძოდ, კორეის ნახევარკუნძულზე. მათი გადატანა უკრაინაში, საფრთხეს უქმნის სხვა „ცხელი წერტილების“ უსაფრთხოებას“, – წერს გამოცემა.
კიევი დიდი ხანია, ცდილობდა ATACMS–ის ტაქტიკური სარაკეტო სისტემების მოპოვებას, რომელთა მოქმედების მანძილი დაახლოებით 300 კილომეტრია. კიევი ამბობს, რომ ეს რაკეტები უკრაინის არმიას დაეხმარება, რუსულ ჯარებს სიღრმეში დაარტყას. კერძოდ, ანექსირებულ ყირიმში, რომელსაც რუსეთი დრონების გაშვების ბაზად იყენებს, – აღნიშნავს გაზეთი.
ვაშინგტონმა მანამდე კატეგორიული უარი თქვა ATACMS რაკეტების გადაცემაზე, ნაწილობრივ იმის გამო, რომ უკრაინამ შესაძლოა დარტყმები განახორციელოს რუსეთის ტერიტორიაზე, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს კონფლიქტს.
მაისში დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტები Storm Shadow გაუგზავნა. პირველად უკრაინამ ისინი გამოიყენა ლუგანსკზე დარტყმისთვის - ფრონტის ხაზიდან ას კილომეტრში, იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
გუშინ, ვილნიუსში, ნატოს სამიტზე საფრანგეთი უკრაინას იდენტურ რაკეტებს – SCALP–ს დაჰპირდა . SCALP-ის მოქმედების ოფიციალური რადიუსი 250 კილომეტრია, მაგრამ მოდიფიკაციის მიხედვით შეიძლება, 500 კილომეტრს მიაღწიოს. Reuters-ის წყაროების ცნობით, საფრანგეთის მიერ დაპირებული რაკეტების ნაწილი უკვე უკრაინაშია.


