ზელენსკი: ჩვენ გვჭირდება შორი მოქმედების იარაღი, ეს დეფიციტი ჯერ კიდევ არსებობს
12/07/2023 10:56:40 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას შორი მოქმედების იარაღი სჭირდება. ამის შესახებ მან ვილნიუსში NATO–ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ გვჭირდება შორი მოქმედების იარაღი, ეს დეფიციტი ჯერ კიდევ არსებობს", – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს კიევისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილების გამო.
უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ალიანსის სამიტის შედეგები კარგია, მაგრამ იდეალური იქნებოდა, უკრაინა რომ NATO–ში მიეწვიათ.
11 ივლისს ალიანსმა სამიტის კომუნიკე გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, NATO-ში გასაწევრიანებლად უკრაინას აღარ დასჭირდება MAP, რომლის მიღებაც აუცილებელია წევრობის მსურველთათვის.
როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცადა, „უკრაინა მიიღებს მოწვევას NATO-ში მაშინ, როდესაც წევრები შეთანხმდებიან და უკრაინა პირობებს შეასრულებს”.
მოგვიანებით, მას ჟურნალისტმა იმ კონკრეტული კრიტერიუმების ჩამოთვლა თხოვა, რომლებიც უკრაინის ალიანსში სადღეისოდ მიწვევისთვის დამაბრკოლებელ ფაქტორებადაა მიჩნეული.
საპასუხოდ გენმდივანმა აღნიშნა, რომ ამ გარემოებებში იგულისხმება ერთის მხრივ, მიმდინარე ომი, მეორეს მხრივ, თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზების დონე, მმართველობის გაძლიერება, მათ შორის კორუფციის წინააღდეგ ბრძოლა, თავდაცვის ძალების თავსებადობა.


