ზელენსკი: "გასაგებია, რომ უკრაინა ომის დროს NATO ვერ შეუერთდება, მაგრამ ჩვენი მოწვევა იდეალური იქნებოდა"
12/07/2023 10:36:21 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს კიევის მარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ "იდეალური იქნებოდა, NATO–ს უკრაინა ალიანსში ვილნიუსში მიმდინარე სამიტის დროს მიეწვია". ამის შესახებ მან ვილნიუსში NATO–ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"გასაგებია, რომ უკრაინა ომის დროს NATO ვერ შეუერთდება, მაგრამ ჩვენი მოწვევა იდეალური იქნებოდა", – განაცხადა ზელენსკიმ დაა დასძინა:
"დარწმუნებული ვარ, რომ ომის შემდეგ უკრაინა NATO–ში იქნება"
11 ივლისს ალიანსმა სამიტის კომუნიკე გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, NATO-ში გასაწევრიანებლად უკრაინას აღარ დასჭირდება MAP, რომლის მიღებაც აუცილებელია წევრობის მსურველთათვის.
როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცადა, „უკრაინა მიიღებს მოწვევას NATO-ში მაშინ, როდესაც წევრები შეთანხმდებიან და უკრაინა პირობებს შეასრულებს”.
მოგვიანებით, მას ჟურნალისტმა იმ კონკრეტული კრიტერიუმების ჩამოთვლა თხოვა, რომლებიც უკრაინის ალიანსში სადღეისოდ მიწვევისთვის დამაბრკოლებელ ფაქტორებადაა მიჩნეული.
საპასუხოდ გენმდივანმა აღნიშნა, რომ ამ გარემოებებში იგულისხმება ერთის მხრივ, მიმდინარე ომი, მეორეს მხრივ, თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზების დონე, მმართველობის გაძლიერება, მათ შორის კორუფციის წინააღდეგ ბრძოლა, თავდაცვის ძალების თავსებადობა.


