სტოლტენბერგი: უკრაინა ახლა უფრო ახლოს არის NATO-სთან, ვიდრე ოდესმე
12/07/2023 10:31:53 მსოფლიო
NATO–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, "უკრაინა ახლა უფრო ახლოს არის NATO-სთან, ვიდრე ოდესმე". ამის შესახებ მან ვლნიუსში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
„მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც ჩვენ შევხვდებით, როგორც მოკავშირეები. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ როდესაც ეს ომი დასრულდება, იქნება სანდო ღონისძიებები უკრაინის უსაფრთხოებისთვის, რაც ხელს შეუწყობს შეაჩეროს რუსეთის მხრიდან ნებისმიერი მომავალი აგრესია ამ ომის დასრულების შემდეგ", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
11 ივლისს ალიანსმა სამიტის კომუნიკე გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, NATO-ში გასაწევრიანებლად უკრაინას აღარ დასჭირდება MAP, რომლის მიღებაც აუცილებელია წევრობის მსურველთათვის.
როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცადა, „უკრაინა მიიღებს მოწვევას NATO-ში მაშინ, როდესაც წევრები შეთანხმდებიან და უკრაინა პირობებს შეასრულებს”.
მოგვიანებით, მას ჟურნალისტმა იმ კონკრეტული კრიტერიუმების ჩამოთვლა თხოვა, რომლებიც უკრაინის ალიანსში სადღეისოდ მიწვევისთვის დამაბრკოლებელ ფაქტორებადაა მიჩნეული.
საპასუხოდ გენმდივანმა აღნიშნა, რომ ამ გარემოებებში იგულისხმება ერთის მხრივ, მიმდინარე ომი, მეორეს მხრივ, თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზების დონე, მმართველობის გაძლიერება, მათ შორის კორუფციის წინააღდეგ ბრძოლა, თავდაცვის ძალების თავსებადობა.


