აზერბაიჯანი "ლაჩინის" გამშვებ პუნქტს დროებით ხურავს
11/07/2023 18:09:02 მსოფლიო
აზერბაიჯანი "ლაჩინის" გამშვებ პუნქტს დროებით ხურავს. მიზეზად "ლაჩინის“ გავლით კონტრაბანდული ტვირთის გადატანა სახელდება.
„ლაჩინის“ გავლით ხორციელდებოდა კონტრაბანდა და ამისთვის გამოყენებული იყო "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" სატრანსპორტო საშუალებები. ამ ფაქტების გათვალისწინებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით და აუცილებელი საგამოძიებო ღონისძიებების დასრულებამდე გამშვებ პუნქტ „ლაჩინის“ გავლით გადაადგილება დროებით შეჩერდა“, – ნათქვამია აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპასუხოდ "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში" განაცხადეს, რომ კონტრაბანდასთან კავშირი არ აქვთ.
როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, ოთხი დაქირავებული მძღოლი ცდილობდა, მთიან ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში გადაეტანა კომერციული ტვირთები მათ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებით, რომელზეც დროებით იყო მიმაგრებული წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ემბლემა.
ლაჩინის დერეფანი ერთადერთ გზაა, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან აკავშირებს.


