
რუსულმა "Red Wings"-მა სოჭიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა
11/07/2023 16:43:10 საზოგადოება
რუსულმა ავიაკომპანიამ "Red Wings"–მა, რომელიც სანქცირებული რუსული კომპანიის სტრუქტურაში შედის, სოჭიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. დღესვე კომპანიამ მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებითაც შეასრულა პირვველი რეისი. ავიაკომპანიამ საქართველოში ფრენების ნებართვა მაისში მიიღო, მაგრამ რეისების განხორციელება რამდენჯერმე გადაიდო.
ცნობისთვის: 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთან პიდაპირი ავიამიმოსვლის განახლების გადაწყვეტილება გამოაცხადა. ქართულმა მხარემ ამაზე თანხმობა განაცხადა, რითაც რუსეთის იზოლირების შესახებ დასავლელი პარტნიორების კონსოლიდირებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა. შესაძლო სანქცირების შესახებ მათი არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ოფიციალური თბილისი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. საქართველოს მთავრობის განცხადებით, საქართვეელოში არც ერთი სანქცირებული კომპანია და ბორტი არ იფრენს.
19 მაისს მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენების განხორციელება დაიწყო რუსულმა კომპანია "აზიმუტმა" რომელიც აქამდე მხოლოდ შიდა რუსულ ფრენებს ახორციელებდა. 20 მაისიდან კი თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისებს ქართული ავიაკომპანია "Georgian Airways" ახორციელებს.