"თუ გადახედავთ გაწევრიანების ყველა პროცესს, არცერთ შემთხვევაში ვადები დასახელებული არ ყოფილა, NATO-ში გაწევრიანება პირობებზეა დაფუძნებული"
11/07/2023 16:30:49 მსოფლიო
NATO-ში გაწევრიანება პირობებზეა დაფუძნებული, – ასე პასუხობს ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას.
მან უკრაინაზე საუბრისას აღნიშნა, რომ "NATO–ს მხრიდან არასდროს ყოფილა უფრო ძლიერი გზავნილი, როგორც პოლიტიკური გზავნილი წევრობის გზასთან, ისე ალიანსის მოკავშირეების მხრიდან კონკრეტული მხარდაჭერასთან დაკავშირებით".
კითხვაზე, რატომ არ არის კომუნიკეს ტექსტში დასახლებული უკრაინის ალიანსშ გაწევრიანების კონკრეტული ვადა, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ მსგავსი ვადა არც ერთი სხვა ქვეყნის შემთხვევაში არ დასახლებულა.
"თუ გადახედავთ გაწევრიანების ყველა პროცესს, არც ერთ შემთხვევაში ვადები დასახელებული არ ყოფილა, NATO-ში გაწევრიანება პირობებზეა დაფუძნებული. ეს ყოველთვის ასე იყო", – დასძინა სტოლტენბერგმა.
მოგვიანებით, მას ჟურნალისტმა იმ კონკრეტული კრიტერიუმების ჩამოთვლა თხოვა, რომლებიც უკრაინის ალიანსში სადღეისოდ მიწვევისთვის დამაბრკოლებელ ფაქტორებადაა მიჩნეული.
საპასუხოდ გენმდივანმა აღნიშნა, რომ ამ გარემოებებში იგულისხმება ერთის მხრივ, მიმდინარე ომი, მეორეს მხრივ, თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზების დონე, მმართველობის გაძლიერება, მათ შორის კორუფციის წინააღდეგ ბრძოლა, თავდაცვის ძალების თავსებადობა.


