სტოლტენბერგი: NATO მიიწვევს უკრაინას, როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები შესრულდება
11/07/2023 15:59:26 მსოფლიო
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, ალიანსი მიიწვევს უკრაინას, როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები შესრულდება. ამის შესახებ მან ვილნიუსში გამართულ პრეს–კონფერენციზე განაცხადა.
მისი თქმით, NATO უკრაინას სამკომპონენტიან პაკეტს სთავაზობს. პირველი კომპონენტი გულისხმობს, კონსენსუსს უკრაინის წევრობის გზიდან "წევრობის სამოქმედო გეგმის" (MAP) ამოღებაზე. NATO-ს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი უზრუნველყოფს უკრაინისთვის მნიშვნელოვან დახმარების პაკეტის მიწოდებას, რაც მას გაწევრიანებამდე დაეხმარება, თუმცა თქვა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანებისთვის აუცილებელია ომის დასრულება. მესამე კომპონენტად მან NATO-უკრაინის საბჭოს შექმნა დაასახელა, სადაც ალიანსი და უკრაინა თანაბარი უფლებებით შეიკრიბებიან. პირველი ასეთი შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ხვალ გაიმართება.
მოგვიანებით, მას ჟურნალისტმა იმ კონკრეტული კრიტერიუმების ჩამოთვლა თხოვა, რომლებიც უკრაინის ალიანსში სადღეისოდ მიწვევისთვის დამაბრკოლებელ ფაქტორებადაა მიჩნეული.
საპასუხოდ გენმდივანმა აღნიშნა, რომ ამ გარემოებებში იგულისხმება ერთის მხრივ, მიმდინარე ომი, მეორეს მხრივ, თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზების დონე, მმართველობის გაძლიერება, მათ შორის კორუფციის წინააღდეგ ბრძოლა, თავდაცვის ძალების თავსებადობა.


