მედია: საფრანგეთმა უკვე დაიწყო უკრაინისთვის SCALP–ის მნიშვნელოვანი რაოდენობით მიწოდება
11/07/2023 12:51:15 მსოფლიო
საფრანგეთმა უკვე დაიწყო უკრაინაში „მნიშვნელოვანი რაოდენობის“ შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების (SCALP) გაგზავნა,– იუწყება France 24 საფრანგეთის სამხედრო კულუარებიდან საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
SCALP უკრაინისთვის უკვე გადაცემული ბრიტანული Storm Shadow-ის ფრანგულ ანალოგს წარმოადგენს. მისი მოქმედების რადიუსი 250 კილომეტრია.
აღნიშნულია, რომ რაკეტები დამონტაჟდება არადასავლურ თვითმფრინავებზე.
წყაროების თანახმად, რაკეტები გამოყენებული იქნება მხოლოდ უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
ამავდროულად, საფრანგეთი უკრაინისთვის SCALP-ის რაკეტების მიწოდებას ესკალაციად არ განიხილავს იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი გაცილებით დიდ რადიუსზე მოქმედ რაკეტებს უშვებს, – დასძენს წყარო.
მანამდე პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა NATO-ს ვილნიუსის სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ საფრანგეთმა გადაწყვიტა, აშშ-ისა და ბრიტანეთის კვალდაკვალ უკრაინას მიმდინარე კონტრშეტევის მხარდასაჭერად მოქმედების შორი რადიუსის რაკეტები მიაწოდოს.
მისივე თქმით, "აუცილებელია, უკრაინის შეიარაღებული ძალები უზრუნველყოფილ იქნენ შესაძლებლობით, დარტყმები სიღრმეში განახორციელონ, ვინაიდან კიევს სრული უფლება აქვს, საკუთარი ტერიტორია დაიცვას".
კონკრეტულად რამდენი რაკეტა გადაეცემა კიევს - მაკრონს არ დაუზუსტებია.


