მსოფლიოში პუტინისა და რუსეთისადმი ნდობა ისტორიულ მინიმუმადე დაეცა
11/07/2023 10:14:21 მსოფლიო
მსოფლიოში 10-დან 8 კაცი რუსეთისა და მისი ხელმძღვანელობის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი. ეს Pew Research Center-ის მიერ საერთაშორისო გამოკითხვების წარმოების ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, - იუწყება The Moscow Times.
24 ქვეყანაში, სადაც კვლევა ტარდებოდა, რუსეთისა და მისი ხელმძღვანელობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ზრდასრული რესპონდენტების 82%-მა დააფიქსირა.
ამასთან, 87%-ს არ სჯერა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს საერთაშორისო არენაზე სწორად მოქმედება შეუძლია.
როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რუსეთისა და პუტინის მიმართ ტოტალურად უარყოფითი დამოკიდებულება (85%-ზე მეტი) ფიქსირდება პოლონეთში, შვედეთში, ესპანეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ავსტრალიაში, ნიდერლანდებში, გერმანიაში, საფრანგეთში, ბრიტანეთსა და აშშ-ში.
მაღალი მაჩვენებლებია (54%-68%) განვითარებად ქვეყნებშიც, როგორიცაა მექსიკა, არგენტინა და ბრაზილია, ასევე ნიგერიაში, კენისა და სამხრეთ აფრიკაში (46%-57%). როგორც მკველვარები აღნიშნავენ, აფრიკაში პუტინისა და რუსეთისადმი უნდობლობის მაჩვენებელი ბოლო 2019 წლის კვლევიდან 10-მე მეტი პროცენტით არის გაზრდილი.
გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ ინდონეზია და ინდოეთი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსული ნავთობის მთავარ შემსყიდველად იქცა. აქ პუტინისადმი ნდობა ბოლო 4 წლის განმავლობაში შესაბამისად, 36%-დან 43%-მდე და 42%-დან 59%-მდეა გაზრდილი, თუმცა გაორმაგებულია უნდობლობის მაჩვენებელიც, რომელიც 13%-დან 30%-მდე გაიზარდა.


