რა უჯდება ივანიშვილის ბიტკოინები მოსახლეობას?
11/07/2023 10:04:43 საზოგადოება
რა ტარიფით მიეწოდება ელექტროენერგია დატა ცენტრებს და რა წვლილი აქვს ბიტკოინების მაინინგს ქვეყნის ენერგეტიკის ხარჯში? თემა მორიგ ჯერზე აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც „ქარული ოცნების“ დამფუძნებელმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანივილმა საქართველოში ბიზნესის კეთება აღიარა, წამოიწყო რა დავა ყოფილ პარტნიორთან და მას ბიტკოინების მაინინგიდან მიღებული მოგების მითვსებაში დასდო ბრალი. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ამტკიცებენ, რომ ივანიშვილთან ასოცირებული კომპანია „ბიტფური“ ელექტროენერგიაში საბაზრო ტარიფის ნახევარს იხდის, ხოლო სემეკის თავმჯდომარე საპირისპიროზე საუბრობს.
„ივანიშვილმა „უფასო ფულის“ დაპირება საკუთარ თავს შეუსრულა,– განაცხადა ენმ–ის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ გლდანში მდებარე „ბიტფურთან“, რომელსაც თავად „უფასო ფულის ქარხანას“ უწოდებს, „რომელიც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვისაა, სხვა მოქალაქეები კი ამაში ფულს იხდიან“.
„ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი კეთილდღეობისთვის ე.წ. მაინინგის საწარმო შექმნა, სადაც ყველა გადასახადისგან გათავისუფლებულია. ელექტროენერგიის საბაზრო ღირებულება 19 თეთრია, ხოლო ის ტარიფი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა რეალურად, 8 თეთრი გახლავთ – ანუ ნახევარი და როცა ჩვენ კომუნალური გადასახადები – დენის გაზრდილი ტარიფი გვაწუხებს, აი, ამით არის გამოწვეული. ამან განაპირობა ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველო თავის პირად, უფასო ფულის საწარმოდ აქცია. ამან განაპირობა ის, რომ ჩვენ 2012 წელს ელექტროენერგიის ექსპორტიორი სახელმწიფო ვიყავით და იმპორტზე შემოგვქონდა მხოლოდ 470 მილიონი კილოვატი ელექტროენერგია, დღეს კი ეს 2 მილიარდ კილოვატამდეა გაზრდილი! [...] საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს ფული, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილის სადაო საკითხია ბაჩიაშვილთან [ივანიშვილის ყოფილ პარტნიორთან, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურას სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული – რედ.], არის ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე მიღებული უკანონო, უსამართლო შემოსავალი,“ - განაცხადა ვასო ურუშაძემ.
თავის მხრივ სემეკ–ის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამტკიცებს, რომ მაინინგს ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდაში რაიმე განსაკუთრებული წვლილი არ აქვს და რომ ელექტროენერგიის მოხმარება ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პროპორციულად იზრდება.
„დატა ცენტრებისთვის ან რაიმე, ასე ვთქვათ, განსაკუთრებული სტატუსის მქონე მომხმარებლებისთვის ცალკე ტარიფები არ არსებობს. კომისიის მიერ დადგენილი ტარიფები მხოლოდ მოსახლეობის და კომერციული სექტორის ნაწილშია განსხვავებული ძაბვის საფეხურების მიხედვით . ამდენად, რაიმე შეღავათიანი ტარიფი არც ერთ დატა ცენტრს არ ჰქონია. ერთადერთი ის არის, რომ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არსებული ნებისმიერი კომპანიისთვის ელექტროენერგიის მიწოდება გათავისუფლებულია დამატებითი ღირებლების გადასახადისგან. ეს არის ერთადერთი შეღავათი, რომელიც თავისუფალ ინდუსტიულ ზონებში მოქმედ ყველა კომპანიას ეხება“,– ირწმუნება დავით ნარმანია.
კითხვაზე, რა ტარიფით მიეწოდება ელექტროენერგია ბიტფურს, ნარმანია პასუხობს, „ჩვეულებრივ საბაზრო ფასად“.
ინფორმაციისთვის: 2022 წელს მაინინგ კომპანიებმა 690 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც საქართველოს რკინიგზის წლიურ მოხმარებას 7–ჯერ აჭარბებს და როგორც იუწყებიან, უმეტესი წილი ამ მოხმარებული ელექტროენერგიისა, სწორედ „ბიტფურზე“ მოდის.
იხილეთ ასევე: "ეს ბიზნესი კი არა, კრიმინალია"


