აფრიკის ლიდერებმა პუტინს "მშვიდობისკენ რეალური სწრაფვის დემონსტრირება" მოსთხოვეს
11/07/2023 09:48:00 მსოფლიო
აფრიკის ქვეყნების ლიდერების კიევსა და მოსკოვში ივნისის ვიზიტი ერთი შეხედვით, უშედეგო იყო. უკრაინაში მათ განუცხადეს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების სრულად განთავისუფლებამდე მზად არ არიან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად, პუტინი კი უკრაინის ხელმძღვანელობას მოლაპრაკებების დაწყების არსურვილში ადანაშაულებდა. თუმცა აფრიკელმა ლიდერებმა, როგორც ირკვევა მაინც გადადგეს გარკვეული ნაბიჯები მოსკოვის დათმობებზე წამოსაყვანად. კერძოდ, პუტინს განუცხადეს: თუ სურს, მშვიდობისკენ რეალური სწრაფვა აჩვენოს, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას მანამ, სანამ ივლისის ბოლოს პეტერბურგში რუსულ-აფრიკული სამიტი გაიმართება, - წერს Financial Times, რომელიც ამ საკითხებზე სენეგალის პრეზიდენტ მაკი სალს ესაუბრა.
ეს უკანასკნელი შედიოდა აფრიკულ დელეგაციაში, რომელშიც მასთან ერთად უგანდის, ეგვიპტეს, ზამბიის, კონგოს, სამხრეთ აფრიკისა და აფრიკული კავშირის სამთავრობოთაშორისი ორგანიზაციის ლიდერები იყვნენ.
"მომდევნო რუსულ-აფრიკულ სამიტამდე პუტინმა რაღაც უნდა მოიმოქმედოს, თუ სურს, რეალური სწრაფვა აჩვენოს მშვიდობისკენ, თუნდაც ჰუმანიტარული მიმართულებით. კარგ სიგნალად შეიძლებოდა, ქცეულიყო, მაგალითად, სამხედრო ტყვეთა გაცვლა ან რუსეთში გაყვანილი უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნება" - განაცხადა მაკი სალმა.
ცნობისთვის: მარტის ბოლოსთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში უკრაინიდან 19 514 ბავშვი იყო უკანონოდ გაყვანილი. სწორედ ამ დანაშაულის გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ თავის დროზე პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენ მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა.
როგორც Financial Times აღნიშნავს, აფრიკელი ლიდერები გეგმავენ, ივლისის ბოლოსთვის დაგეგმილი სამიტიც აქტიურად გამოიყენონ საიმისოდ, რათა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დაწყებას მიაღწიონ.
კითხვაზე, დაინახეს თუ არა პუტინისგან რეალური სწრაფვა მშვიდობისკენ. სენეგალის პრეზიდენტმა განაცხადა: "მოახლოებულ სამიტზე შესაძლოა, კიდევ გვქონდეს შეხვედრა და გარკვეულ პროგრესს მივაღწიოთ. ამის იმედი გვაქვს".


