გიტანას ნაუსედა: ბუქარესტის სამიტის შემდეგ ვიმეორებთ ერთსა და იმავე ფრაზას, ახლა პარადიგმის შეცვლის დროა
11/07/2023 07:10:11 მსოფლიო
ბუქარესტის სამიტის შემდეგ 15 წელი გავიდა და ამ პერიოდის განმავლობაში ვიმეორებთ ერთსა და იმავე ფრაზას, რომ ერთ დღეს უკრაინა NATO-ს შეუერთდება, ახლა პარადიგმის შეცვლის დროა, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ალიანსის საჯარო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპაში არ იქნება უსაფრთხოება და სტაბილურობა, თუ უკრაინის მომავალი მკაფიოდ არ იქნება განსაზღვრული.
"რუსეთს არ უყოყმანია, შეჭრილიყო საქართველოში 2008 წელს და განეხორციელებინა ყირიმის უკანონო ანექსია 2014 წელს, გამოეწვია დესტაბილიზაცია დონბასში და დაეწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. პარადიგმის შეცვლის დროა. ევროპაში არ იქნება უსაფრთხოება და სტაბილურობა, თუკი უკრაინის მომავალი მკაფიოდ არ იქნება განსაზღვრული. მხოლოდ მე-5 მუხლს შეუძლია ნამდვილი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა, რომელიც შეაკავებს რუსეთს მომავალი აგრესიის განხორციელებისგან“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები გზას გაუხსნიან უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას.


