წყნეთში 15 წლის ბიჭი სავარაუდოდ, დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა
11/07/2023 06:33:09 საზოგადოება
წყნეთში 15 წლის ბიჭი სავარაუდოდ, დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა.
გავრცელებული ცნობით, ბიჭი წყნეთში სტუმრად იმყოფებოდა და სკვერში თამაშობდა, როდესაც დენმა დაარტყა.
ადგილზე გამოიძახეს სასწრაფოც, თუმცა ბავშვი ექიმების მისვლამდე გარდაიცვალა.
ადგილობრივების თქმით, სკვერის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
მოგვიანებით, ვაკის რაიონის გამგეობამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, "ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, სრული სიცრუეა და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მცდელობა".
„პირველ რიგში, გვინდა, სამძიმარი გამოვთქვათ გუშინ, წყნეთში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც 16 წლის მოზარდის გარდაცვალება მოჰყვა. ვიზიარებთ ოჯახის და ახლობლების დიდ გულისტკივილს!
ამ ეტაპზე, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფანჩატურში, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, უკანონოდ, კუსტარულად იყო დამონტაჟებული ელექტრომოწყობილობა. მოზარდის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს. ასევე, დადგინდება ის პირები, რომელთაც უკანონოდ აწარმოეს ეს სამუშაო.
რაც შეეხება კონკრეტულ მედიასაშუალებებში გასულ ინფორმაციას, თითქოს მოზარდის გარდაცვალება სკვერში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება, ეს არის სრული სიცრუე და თბილისის მუნიციპალიტეტის დისკრედიტაციის მცდელობა. სკვერის გამწვანების სამუშაოები საწყის ეტაპზეა და ამ დრომდე არანაირი შეხება არ ჰქონია ზემოხსენებულ ფანჩატურთან.
მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ, ცრუ ინფორმაციას და პატივი ეცით საზოგადოებას!“- ნათქვამია განცხადებაში.


