დღეს ვილნიუსში NATO-ს სამიტი იხსნება
11/07/2023 05:42:33 მსოფლიო
დღეს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში NATO-ს ორდღიანი სამიტი იხსნება. შეხვედრებს ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.
მთავარი განსახილველი თემებია, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომი და ალიანსში შვედეთის გაწევრიანების საკითხი.
როგორც სტოლტენბერგმა გუშინ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, ალიანსის მოკავშირეები ვილნიუსის სამიტზე დაადასტურებენ, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი. სტოლტენბერგის თქმით, იგი ასევე მოელის, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან „სამი ელემენტისგან შემდგარ პაკეტზე, რომელიც უკრაინის ნატო-სთან დაახლოებას შეუწყობს ხელს“.
ამასთან, სტოლტენბერგის განცხადებით, სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, გადაწყვიტოს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე.
NATO-ს სამიტზე საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში იქნება წარმოდგენილი.
ამავე თემაზე: მორიგი ნაბიჯი უკან: საქართველო უსაფრთხოებაზე უარს ამბობს?


